
ბიბილოვი არ არის ოფიციალური წარმომადგენელი სამართლებრივ დონეზე, შესაბამისად, რეაგირება სახელმწიფო დონეზე მის განცხადებაზე არ ვიცი რამდენად სწორია - ასეთია ბექა დავითულიანის პასუხი, ანატოლი ბიბილოვის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი, რუსეთთან შესაერთებლად სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს.
მმართველი პარტიის დეპუტატი ამბობს, რომ ახლა რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობაა და "ოცნება" დაელოდება რუსეთის ოფიციალურ პასუხს, რომ შემდეგ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.
ბიბილოვის ნებისმიერი განცხადება არის უკანონო და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია, ვინაიდან ის არის ოკუპირებული ტერიტორიის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელი. მას და მის არც ერთ განცხადებას სამართლებრივი არავითარი შინაარსი არ გააჩნია. რუსეთის რეაქცია ამაზე იქნება კიდევ ერთი მესიჯი, საქართველოს მიმართ და ამ მესიჯზე, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტით....ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია რამენაირად მოხდეს....
ბიბილოვი არ არის ოფიციალური წარმომადგენელი სამართლებრივ დონეზე არც ერთი სახელმწიფოსი. ის წარმოადგენს ოკუპირებული რეჟიმის მარიონეტს და შესაბამისად რეაგირება სახელმწიფო დონეზე მის განცხადებაზე არ ვიცი რამდენად სწორია. თუმცა როგორც ვისი საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი გავრცელებულია." -ამბობს ბექა დავითულიანი. [საგარეოს განცხადება არ გაუვრცელებია]
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთი სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთთან შესაერთებლად". ცნობილია ისიც, რომ ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების "რეფერენდუმი" 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება.