რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლიდან 12 წლის გოგონა გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პოლიციამ მარიუპოლიდან 12 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, ომის დაწყებისას ბავშვი მამასთან ერთად მარიუპოლში იმყოფებოდა. 17 მარტს მათ სახლს ჭურვი დაეცა, რის შედეგადაც კაცი დაიღუპა.

"გოგონა სხვა ადგილობრივებთან ერთად ცდილობდა ქალაქიდან გასვლას, თუმცა ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა. ამის შემდეგ ბავშვი რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს და ოკუპირებულ დონბასში გადაიყვანეს", - აცხადებენ პოლიციაში. 

გოგონას გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს მისმა ბაბუამ შეატყობინა, რომელიც ჩერნივცის ოლქში ცხოვრობს. სწორედ მისი შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საოლქო პროკურატურამ ომი კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე. 

ТСН-ის ცნობით, გატაცებული ბავშვი წყალბურთის უკრაინელი ჩემპიონის, ევგენი ობედინსკის ქალიშვილია. 12 წლის კირას დედა მაშინ გარდაეცვალა, როდესაც ჯერ კიდევ ჩვილი იყო.

გოგონა ამ დროისთვის დონეცკის კალინინის სახელობის საავადმყოფოში იმყოფება. ბავშვთან დაკავშირება ბაბუამ სკაიპით შეძლო. ის ამბობს, რომ კირა მოწყენილია და მასთან ყოფნა სურს. კაცი შიშობს, რომ შესაძლოა, ოკუპანტებმა გოგონა სხვა ადგილზე გადაიყვანონ ან ბავშვთა სახლში გაგზავნონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი