
„ქოც-ნაცური“ ალიანსი დაინტერესებულია იმით, რომ არ გამოჩნდეს ჰორიზონტზე პოტენციური, ძლიერი ადამიანი ან შემადგენლობა, რომელიც დღევანდელ დღის წესრიგს შექმნის - ასე ეხმაურება ანა დოლიძე პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც ზურაბიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, "დროული და ღირსეული გადაწყვეტილების" მიღებისკენ მოუწოდებს.
დოლიძე ამბობს, რომ მაშინ, როცა იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მძიმე მოვლენებზე და სასამართლოს "კლანზე" ზურაბიშვილს ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, ახლა მისი მხრიდან მოწოდება არის ლუსტრაცია. დოლიძე ამბობს, რომ ადგილი აქვს ბინძურ პოლიტიკურ თამაშს.
2 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის დუმილი, როდესაც იუსტიციის საბჭოში ლამის ცემამდე იყო საქმე მისული და ამ პირობებში ახლა პრეზიდენტის კომფორტული ენით გამოსვლა, არის ამ სქემის გაშიფვრა. ეს არის ბინძური პოლიტიკური ბრძოლის სქემა, პირველ რიგში, ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ არამარტო ჩემს, არამედ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ინტერესში, რომ მხოლოდ მათ შექმნან დღის წესრიგი"- ამბობს დოლიძე.
დოლიძე ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ის ამ დრომდე მალავდა ინფორმაციას, რომ თამარ ჩუგოშვილი ურეკავდა და გაჩუმებას სთხოვდა, თავადაც დამნაშავე გამოდის:
ნაზი ჯანეზაშვილი თურმე თვითონ ფარავდა დანაშაულს?! თუ თამარ ჩუგოშვილი მასთან 1 წელია ტელეფონზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც ჩემთვის, როგორც თანამებრძოლისთვის არ უთქვამს და ის ამას ფარავდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რა გამოდის?! თვითონ აღიარებს, რომ მონაწილეობდა დანაშაულის დამალვაში, სხვა არაფერი გამოდის- ამბობს დოლიძე
ანა დოლიძის თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი ყოფნა პოლიტიკაში და იუსტიციის საბჭოში ერთდორულად, სამართლებრივი პრობლემაა, შეუძლია საკონსტიტუციო სასამრთლოს მიმართოს.
ყველას მხრიდან, ვინც ფიქრობს, რომ აქ სამართლებრივად პრობლემაა, ველოდები სამართლებრივი არგუმენტაციის ჩამოყალიბებას საკონსტიტუციო სასამრთლოში. ჯერ მხოლოდ აბსურდული ბრალდებები ვნახე, რომ მე მაქვს ოფისი“- განაცხადა დოლიძემ.
ანა დოლიძეს, მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო ბოლო დღეებია იუსტიციის საბჭოს დატოვებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მათი თქმით, დოლიძე კანონს არღვევს. ამასთან დაკავშირებით, განცხადება სალომე ზურაბიშვილმაც გაავრცელა, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტს იუსტიციის საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება არ აქვს, თუმცა ის ელოდება, რომ დოლიძე დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს.