"ხშირად ვხედავ სამხედრო მანქანებს" - ოკუპანტებმა საკორინთლოში ე.წ. საზღვარი გაავლეს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ახალი სამიზნე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი საკორინთლოა. ოკუპანტებმა სოფლის განაპირას, იმ ადგილას სადაც ადრე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დადგეს, ახლა უკვე მავთულხლართები გაავლეს. ამის შედეგად ათობით ჰექტარი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

ქართველმა სამართალდამცველებმა "მთავარ არხს" ტერიტორიაზე შესვლის და გადაღების საშუალება არ მისცეს. ადგილობრივი მოსახლეობა კი შეშინებულია და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

განაგრძობენ ე.წ. საზღვრის გაკეთებას, ჩემი ნაკვეთიდან 200 მეტრშია ბანერი, ხშირად ვხედავ როგორ გადაადგილდებიან სამხედრო მანქანები. ათ ჰექტარმდე იქნება იქით დარჩენილი, რომელსაც ხალხი ვეღარ ამუშავებს - ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბორდერიზაციის ახალ ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ე.წ. მავთულხლართები და ბანერები არა მიმდინარე კვირაში, არამედ გაცილებით ადრეა დამონტაჟებული.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრის, დავით ქაცარავას თქმით, ხელისუფლება რეალობას მალავს:

სამწუხაროდ ამ ინფორმაციას სუს-ი არ ადასტურებს. დღეს 20 ივნისია და არაა შემთხვევითი, რომ ამ თარიღს დაემთხვა მორიგი ბორდერიზაცია. ეს ფაქტი ადგილობრივებზე დაყრდნობით ჩვენთვის დადასტურებულია - ამბობს ქაცარავა.

უკვე 1 წელზე მეტია სუს-ის ბრძანებით ქართველი სამართალდამცველები ქართველ ჟურნალისტებს შიდა ქართლის იმ სოფლებში, სადაც იკუპანტები სამუშაოებს ახორციელებენ, არ უშვებენ.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება მძიმე რეალობის დასამალად აკეთებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი