ორ მაჟორიტარულ ოლქში დღეს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.
პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს.
სახელისუფლებო კანდიდატს რუსთავში კონკურენტი არ ჰყავს, ბათუმში კი საკრებულოს დეპუტატობისთვის ბრძოლაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, მათე ფუტკარაძე "ქართული ოცნების" კანდიდატს, რამაზ ჯინჭარაძეს დაუპირისპირდება. მათე ფუტკარაძე იმ მანდატისთვის იბრძვის რომლის დაცვასაც მისი მამის, ნუგზარ ფუტკარაძის სიცოცხლე შეეწირა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 3 უბანი და 1 ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი.
ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. საუბარია ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონულ საშუალებებზე, რაც ცესკოს გადაწყვეტილებით, 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.
პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 2 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 139 989-ს შეადგენს, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590 დამკვირვებელი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. ხარვეზი იყო ბათუმში 23-ე უბანზე, სადაც ვერიფიკაციის აპარატს ჰქონდა პრობლემა. ამის გამო ადგილზე ხმაური იყო. ასეთივე ხარვეზი დაფიქსირდა 76-ე უბანზე.