წინ რთული ბრძოლები გველის, ჯერ კიდევ შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ყველა გამოცდა ჩავაბარეთ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქვეყნის გარკვეული ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების მიუხედავად, საფრთხე კვლავ მაღალია. 

მისი თქმით, აგრესორები უკრაინის ჩრდილოეთით ტერიტორიებს ნელ-ნელა ტოვებენ, თუმცა ნაღმავენ ყველაფერს, მათ შორის გარდაცვლილთა ცხედრებს. ამის გამო პრეზიდენტმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და სთხოვა, თავიანთ სახლებში დაბრუნებამდე ტერიტორიების სრულად გაწმენდას დაელოდონ.

"ოკუპანტები ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთით ტერიტორიებს ტოვებენ. ნელი პროცესია, მაგრამ შესამჩნევი. ზოგან მათ ბრძოლებით აძევებენ, ზოგან ისინი თავად ტოვებენ პოზიციებს. ამის მიუხედავად, საფრთხე მრავალია. პირველი, ეს არის ის, რომ დაბომბვა შეიძლება გაგრძელდეს. მეორე - ისინი ნაღმავენ ამ ტერიტორიებს. ნაღმავენ სახლებს, აღჭურვილობას, მოკლულთა ცხედრებსაც კი. ძალიან ბევრი ნაღმია და ბევრი სხვა საფრთხე. ჩვენ წინ ფრთხილად მივიწევთ და ყველა, ვინც ამ მხარეში ბრუნდება, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ჯერჯერობით შეუძლებელია, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. დაველოდოთ ჩვენი მიწის გაწმენდას. დაველოდოთ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ახალი დაბომბვა შეუძლებელია", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც რუსი ოკუპანტები გროვდებიან და ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან. 

"რუსი სამხედროები გროვდებიან დონბასისა და ხარკოვის მიმართულებით, ემზადებიან ახალი ძლიერი დარტყმისთვის. ჩვენ ვემზადებით კიდევ უფრო აქტიური თავდაცვისთვის. ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: წინ რთული ბრძოლები გველის. ჯერ კიდევ შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ უკვე ყველა გამოცდა ჩავაბარეთ. ყველას გვინდა გამარჯვება, მაგრამ როდესაც ეს მოხდება - ყველა დაინახავს. ყველა იგრძნობს, რომ მშვიდობა მოდის", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი