
პარტიული კოორდინატორები და ე.წ. ძველი ბიჭები საარჩევნო უბნებთან - "ქართული ოცნება" ბათუმში შუალედურ არჩევნებს უკვე კარგად ნაცნობი სცენარით ატარებს.
თითქმის ყველა უბანთან მობილიზებულია მსუბუქი ავტომობილები და მიკროავტობუსები, სადაც "ოცნების" კოორდინატორები იმყოფებიან და სპეციალურ სიებში ხმის მისაცემად მისული მოქალაქეების აღრიცხვას აწარმოებენ.
ისინი ჟურნალისტებს ტრადიციულად საკუთარ რეალურ ფუნქციას უმალავენ და თავს სხვადასხვა არგუმენტით "იმართლებენ":
"ნაცების გასვენებაში ვართ. საერთოდ არაა მობილიზება. სადაც მინდა, იქ დავდგები, ჩემ ქალაქში ვარ“.
"ნაცებს გავასვენებთ სამუდამოდ. როგორც გაასვენა მოსახლეობამ, ისე გაასვენებენ კიდევ ერთხელ. ამიტომ ვცოცხლობთ ჩვენ, ღირსეული ადამიანები ზოგადად, რომ უღირსი ადამიანები არ იყვნენ ამ ქვეყანაში. ვისაც საქართველო უყვარს, ის აკეთებს სწორ არჩევანს ყოველთვის".
ვრცელდება კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ არიგებს ერთ-ერთ უბანზე ბენზინის ტალონებს და თანხას "ქართული ოცნების" წარმომადგენელი.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა დააფიქსირეს არაერთი ფაქტი, როგორ აღწერენ მოქალაქეების აქტივობას უბნის შიგნით კომისიის წარმომადგენლები.