ომის 39-ე დღეს, რუს ოკუპანტებს ადგილობრივი თვითმმართველობის 11 ხელმძღვანელი ჰყავთ ტყვედ აყვანილი - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი საუბრობს.
მისი თქმით, დღეს კიდევ იქნება მცდელობა, რომ ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენებით ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაცია შეძლონ. არსებული ინფორმაციით, ქალაქში 100 000-მდე ადამიანი რჩება.
"ვაგრძელებთ ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენებით მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციას. ათეულობით ავტობუსი ბერდიანსკში ელოდება ჩვენს მოქალაქეებს. ამასთან 7 ავტობუსი შეეცდება მარიუპოლის მისადგომებთან მივიდეს და მათ "წითელი ჯვრის" ორგანიზაციის წევრები გააცილებენ. ოკუპანტებისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას ველოდებით. ამ დროისთვის ოკუპანტებს ტყვედ ჰყავთ ადგილობრივი თვითმმართველობის 11 ხელმძღვანელი. ვაგრძელებთ ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკბებეს", - ამბობს ვერეშჩუკი.
უკრაინის გენშტაბში კი აცხადებენ, რუსული არმიის მე-3 მოტომსროლელთა რაზმი ბრძოლაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ჯარისკაცები სამხედრო სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებებს წერენ.
"რუსეთის არმიის 58-ე ჩრდილოეთ განსაკუთრებული რაზმის ორი ბატალიონის წევრებმა ომში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. დაგეგმილია, რომ ისინი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებიან", - ამბობენ გენშტაბში.
მათივე თქმით, რუსული ჯარის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.