
პოლონეთის ვიცე-პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთი თანახმა იქნება, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განთავსდეს, თუმცა მისივე თქმით, ამჟამად ეს საკითხი არ განიხილება. ამასთან დაკავშირებით მან გერმანულ გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში ისაუბრა.
გარდა ამისა, ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მიესალმება ევროპაში აშშ-ის ჯარების რაოდენობის 50%-ით გაზრდას.
”პოლონეთი კმაყოფილი იქნება, თუ ამერიკელები რუსეთის მზარდი აგრესიულობის გამო, სამომავლოდ გაზრდიან თავიანთ წარმომადგენლობას ევროპაში ამჟამინდელი 100,000 ჯარისკაციდან 150,000-მდე... 75 000 ჯარისკაცი უნდა განთავსდეს აღმოსავლეთ ფლანგზე, ანუ რუსეთთან საზღვარზე; 50 000 ჯარისკაცი ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში", - განუცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.
Reuters-ის ცნობით, უკრაინაში რუსული ჯარების შესვლამდე ევროპაში დაახლოებით 80 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა.