
"მინდა მოგიწოდოთ ყველას, გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირებას თავი დაანებეთ", - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ესწრება უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების დაკრძალვას.
ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფომ "ყველაფერი გააკეთა" იმისთვის, რომ მომხდარიყო სამხედროების ღირსეულად ჩამოსვენება და სამხედრო პატივით დაკრძალვა.
"მე სამძიმარს ვუცხადებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, მათ ოჯახის წევრებს. მინდა ჩვემი გულის ტკივილი გამოვხატო კიდევ ერთხელ. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ღირსეულად მათი ჩამოსვენება და სამხედრო პატივით დაკრძალვა. ისე, როგორც შეეფერებოდა სამხედრო ყოფილ ოფიცრებს და ვეტერანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაცვისთვის წარმოებულ ომებში იღებდნენ მონაწილეობას. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, გარდაცვლილი სამხედროებით, მათი სიკვდილით, ამ უბედურებით და ტრაგედიით, ნუ შევეცდებით გარკვეული დივიდენდების მიღებას. ეს არის უზნეობა, ამორალობა", - თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინაში 4 ქართველი სამხედროა დაღუპული. დავით რატიანი და გია ბერიაშვილი ქალაქ ირპენთან რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას 18 მარტს დაიღუპნენ. 19 მარტს, მარიუპოლში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, რომლის ჩამოსვენებაც ქალაქში მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. კიდევ ერთი ჯარისკაცი, დავით გობეჯიშვილი ირპენში 26 მარტს დაიღუპა.
დავით რატიანი და გია ბერიაშვილი 26 მარტს სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამხედრო პატივით დაკრძალავენ დღეს, 3 აპრილს დავით გობეჯიშვილს ქალაქ ტყიბულში.
პრემიერმინისტრი არცერთი ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვას არ დასწრებია.