
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადება ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება და ამას განსაკუთრებული ყურადღებით არ უნდა მოვეკიდოთ.
"ამ ყველაფერს აქვს ე.წ. წინასაარჩევნო მიზანი, ე.წ. არჩევნები ტარდება ე.წ. სამხრეთ ოსეთში და ზუსტად წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის კეთდება ხოლმე ტრადიციულად ასეთი განცხადებები და ესეც არის პირდაპირ კავშირში ამ ე.წ. არჩევნებთან. რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენ ამ განცხადებებს, რომლებსაც ჩვენ არალეგიტიმურად ვცნობთ, მით უკეთესი იქნება განცხადების ავტორებისთვის, ამიტომ უმჯობესია, რომ განსაკუთრებული ყურადღებით არ მოვეკიდოთ", - თქვა კობახიძემ.
მას იგივე პოზიცია აქვს ბიბილოვის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "საქართველოს მხრიდან" ნებისმიერ პროვოკაციას შესაბამისად უპასუხებენ - "ჯობია იგნორირება გავუკეთოთ".
ბიბილოვმა დღეს თქვა, რომ ე.წ. რეფერენდუმი ოკუპირებულ ცხინვალში, სავარაუდოდ, 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება. რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს "შეუერთდება თუ არა" ცხინვალი რუსეთს. იხილეთ ასევე: