ჩორჩანას გაუვალ ტყეში "მთავარის" ექსპედიცია გამთენიისას გავიდა. იქ სადაც ადამიანები თითქმის აღარ დადიან, ყველაზე მძიმე მდგომარეობის გადასაღებად "მთავარი არხი" გავიდა. პერევის ტყეში საოკუპაციო ხაზი გადის, ადგილი კი რომელიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაა ყოველდღიურად მცირდება. წინ რვა კილომეტრის გზა გვაქვს გასავლელი, აქ რთული რეილეფი მთავარი პრობლემა არ არის. სხვა საფრთხე დიდია, ნებისმიერ დროს შესაძლოა რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ.
პერევი-ჩორჩანას ტყის სიღრმეში კიდევ უფრო ადვილი შესამჩნევია, ის ტრაგედია, რომელიც საოკუპაციო საზღვრის გავლებას თან სდევს. მოსალოდნელი საფრთხეების გამო, კარგად ჩანს, რომ ადგილობრივები ტყეში შეშაზეც აღარ შედიან. ტყე უკვე გაუკაცრიელებულია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი საქართველოს იურისდიქციაში შედის ჩორჩანას სიახლოვეს აღარც ქართველი სამართალდამცავები უნდახავთ, ერთადერთი რაც თითქმის ყოველდღიურად ახლდება რუსი სამხედროების მიერ გაკეთებული ახალი ნიშნულებია, მოზომეს ადგილები, სადაც ოკუპანტი ადვილად გადაადგილდება.
ახალი ნიშნულები ჩორჩანა-პერევის ტყეში სხვადასხვა დროს გააკეთეს, ბოლო ორ წელიწადში ვითარება უკიდურესად საგანგაშო გახდა. ტერიტორიის ნაწილზე წითელი საღებავით მონიშნული ლოკაცია იმდენად ახალია, რომ საღებავი ბოლომდე გამშრალი არ არის. ოკუპანტებმა ქართველ მოსახლეობას სატყუარაც დაუტოვეს. მექანიკური ხაფანგით რუსი სამხედროები ტყეში აკონტროლებენ ყველას, ვინც ოფიციალურად ჯერ კიდევ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი ნებართვის გარეშე გადაადგილდება.
ჩორჩანას ტყეში ყველაფერი უკვე რუსულ კვალზე მიუთითებს. რასაც "ქართული ოცნების" მთავრობა დღეს საქართველოში მოსახლეობას უმალავს, პირველად "მთავარი არხის" კამერამ გადაიღო. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა უკვე აღბეჭდეს რუკაზე ის ახალი ლოკაციები, რომელიც საკუთარი მარშრუტისთვის სეპარატისტებმა მონიშნეს. მასალას უკანონო ბორდერიზაციის შესახებ დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდიან. მანამდე კი პროგნოზი უკიდურესად მძიმეა, უკვე არსებულ საოკუპაციო ხაზის მიღმა შესაძლოა ჩორჩანას ტყეში ქართული საგუშაოც მოჰყვეს.
პერევი-ჩორჩანას ტყის ამ მონაკვეთიდან საოკუპაციო ხაზი უკვე 50 მეტრშია, იმ საფრთხის გამო, რომ რუს სამხედროებს შესაძლოა ცეცხლი გაეხსნათ, გზა ოკუპაციის ზოლისკენ "მთავარმა არხმა" აღარ გააგრძელა, თუმცა ახალ ნიშნულებთან ერთად "მთავარმა" ახალ კვალსაც მიაგნო. ერთმორწმუნე რუსი სამხედროების კვალი ვერაფერმა წაშალა, ქართულ ტყეში ყველაზე თავისუფლად მხოლოდ ისინი დადიან.
სეპარატისტული ძალების ბოროტი განზრახვა კიდევ უფრო კარგად აეროგადაღების კამერიდან გამოჩნდა, იქ სადაც რუსი სამხედროები ნიშნულებს საოკუპაციო ზოლის გავლებამდე აკეთებენ, საქართველოს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, უკანონო საზღვართან ტალკის უნიკალური საბადოა, რომელიც შესაძლოა სეპარატისტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. თუკი ყველა ახალ ნიშნულზე საოკუპაციო ხაზს გაავლებენ, მაშინ ბუნებრივ სიმდირესთან მისასვლელი გზა ქართველებისთვის საბოლოოდ ჩაიკეტება, წართმეულ მიწას კი, კიდევ ერთი ტერიტორია დაემატება.
ჩვენი თავისუფლება ჩორჩანა-პერევის ტყეში დიდხანს არ გაგრძელებულა. საფრთხეს, რომ რუსი სამხედროები გამოჩნდებოდნენ გადავურჩით, თუმცა სამშვიდობოზე ქართულმა პოლიციამ დაგვაკავა, მიზეზი ერთადერთი იყო, რატომ გადავიღეთ ის, რასაც ამდენხანს მთელი სახელმწიფო მანქანა საგულდაგულოდ მალავდა. ხელმძღვანელობასთან, რამდენიმე წუთიანი სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხუთმა ეკიპაჟმა მუშაობის უფლება "მთავარ არხს" აღარ მისცა, სოფელი გაძლიერებული ექსკორტით "მთავარს" დაატოვებინეს.
ის, რაც მძიმე საყურებელია ბევრისთვის, დუმილის მიზეზი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის. ახალ ნიშნულებს, რომ ახალი საფრთხეები მოყვება ხოლმე, უკვე ტრადიციაა. მაგრამ პასუხად ხშირად, მხოლოდ სიტყვებია თანამდებობის პირებისგან, ზოგჯერ კი ყრუ სიჩუმე მათგან, ვინც ყველაზე მეტად უნდა ფხიზლობდეს!!!