არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება "ქართული ოცნების" დამარცხებას ნიშნავს - არასაპარლამენტო ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილს ეშინია სანქციებისა და ქონების დაკარგვის, ამიტომ იძულებული გახდება, ამჯერად პირობა შეასრულოს - არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოლიგარქს და მის გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოუწევთ.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ივანიშვილს სურს ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები. მათი თქმით, ოლიგარქის განწყობა არაერთხელ გამოჩნდა ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებში. 

მიუხედავად ამისა, არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამერიკელი კონგრესმენების მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ივანიშვილი იძულებული გახდება დაამტკიცოს საკონსტიტუციო ცვლილებები. ოპოზიციაში ერთხმად აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება ავტომატურად ნიშნავს "ქართული ოცნების" დამარცხებას.

"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრის, დავით ბერძენიშვილის აზრით, ივანიშვილი მუდმივად ცდილობს დასავლეთის მოტყუებას, თუმცა წარუმატებლად. 

გავა ეს ცვლილებები. მით უმეტეს, რომ ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ გიორგი რურუა არის გამოსაშვები და მოუწევს ხელისუფლებას მისი გამოშვება, - ამბობს ბერძენიშვილი.

"ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია არ მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ ამჯერად დათმობაზე წასვლა მოუწევს.

მაქვს მოლოდინი და მოწოდებაც, რომ უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია და საარჩევნო სისტემა გახდეს უფრო სამართლიანი, - ამბობს ნაცვლიშვილი.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრის, ანზორ ბიწაძის მოსაზრებით, ოპოზიციის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობა სწორი ნაბიჯია და სახელმწიფოს სასურველ შედეგებს მოუტანს.

ის მთავარი პოლიტიკური მავთულხლართი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, "ქართული ოცნება" შემოდგომაზე გადავა ოპოზიციაში, - დასძენს ბიწაძე.

პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით უყრის კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტებით - 120:30 და 1%-იანი ბარიერით გაიმართება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი