პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო

გამოქვეყნდა:

პროპორციული საარჩევნო სისტემა - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით კენჭი უნდა უყარონ კანონპროექტს, რომელიც გავრილოვის სისხლიანი ღამის მთავარი მონაპოვარია. 

ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ კიდევ ერთხელ განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მისი ფრაქცია დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიღებს. თუმცა თუ რაიმე შეიცვლება შემდეგ მოსმენებამდე, ჩვენ გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ჩვენი გადაწყვეტილება დაგვეხმარება და დაეხმარება ქართველ ხალხს და ოპოზიციას, რომ ჩვენ შევძლოთ უახლოეს მომავალში საერთაშორისო ორგანიზაციების აზრის მობილიზაცია, ზეწოლის გაზრდა ბიძინა ივანიშვილზე, რადგან ჩვენ გვესმის რომ ზეწოლის გარეშე ეს ხელისუფლება და ოლიგარქიული რეჟიმი არ აპირებს ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაძლებლობის მიცემას, - განაცხადა მან. 

პოზიცია შეიცვალა "ევროპულმა საქართველომ" და პარტია ცვლილებებს პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერენ. ამის შემდეგ მათ ექნებათ მოთხოვნა, რომ შესრულდეს შეთანმხების ის ნაწილი, რომელიც გიორგი რურუას ციხიდან გამოშვებას გულისხმობს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს გარანტირებულად აქვს 92 ხმა და ერთადერთი, ვინც მხარს არ უჭერს ამ ცვლილებებს, კახა ოქრიაშვილია. 

კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა ფრაქციას, მაქსიმალურად გააკეთონ ინფორმირება თაისი წევრების. დღეს გვჭირდება სრული დასწრება და პირველი მოსმენით მივიღებთ ცვლილებებს, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რომ ცვლილებებისთვის ბოიკოტის გამოცხადება პოლიტიკური სპეკულაციებით ფონს გასვლის მცდელობაზე მიუთითებს. 

ამ მომენტისთვის სხდომათა დარბაზში 149 დეპუტატია მისული. ცვლილებების მისაღებად საჭიროა 113 ხმა. 

საკონსტიტუციო ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე განიხილება. ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი