გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან აპირებს თანამშრომლობას, თუმცა ადასტურებს, რომ კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
ვაწარმოებ ინტენსიურ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიებთან, მათ შორის "ლელოსთანაც". ჩემი ამომრჩეველი არის ის ამომრჩეველი, რომელსაც უნდა ახალი ძალა პოლიტიკაში, - აცხადებს იგი.
მარგველაშვილის განცხადებაზე შეფასებები პოლიტიკური პარტიება უკვე გააკეთეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მეოთხე პრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნება მათთვის მოულოდნელი არ არის. "ქართული ოცნების" წევრები მარგველაშვილის განცხადებას დადებითად აფასებენ, თუმცა მას კონკურენტად არ მიიჩნევენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის თქმით, მას უჭირს პროგნოზების გაკეთება იმის თაობაზე, რამდენი ამომრჩეველი დაუჭერს მხარს მარგველაშვილს. გარდა ამისა, ვოლსკიმ ყოფილი პრეზიდენტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული განცხადების გამო ტყუილში დაადანაშაულა.
ძალიან მდარე ტყუილი თქვა და მე ვიტყოდი, უზნეო ტყუილიც, იმის თაობაზე, რომ არაფერი არ ხდებოდა 20 ივნისს და სახელმწიფომ იძალადა თავის მოქალაქეებზე, - ამტკიცებს ვოლსკი.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განმარტებით, ცხადი იყო, რომ მარგველაშვილის პოლიტიკური კარიერა პრეზიდენტობით არ დამთავრდებოდა და ადრე თუ გვიან, ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.
თუ გადაწყვიტა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირი, ეს მისი გადასაწყვეტი არის. მე არ მგონია, რომ მისი რაიმე აქტივი "ქართული ოცნებისთვის" რაიმე წინააღმდეგობის მომტანი იყოს, - ამბობს კახიანი.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას არჩევნების წინ, მით უკეთესი იქნება. ოპოზიციის წევრები მარგველაშვილს წარმატებებს უსურვებენ, თუმცა არ აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ პარტიას შეუერთდება ყოფილი პრეზიდენტი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ადასტურებენ, რომ ისინი შეხვდნენ მარგველაშვილს, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის მიმართ შეთავაზება არ გაჟღერებულა.
ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ადამიანის ჩართვას პოლიტიკაში, რომელიც ხელს შეუწყობს ამ დანაშაულებრივი რეაჟიმის შეცვლას... ექნება თუ არა მჭიდრო კონტაქტი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ეს, ბუნებრივია, მისი გადასაწყვეტია. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, - ამბობს საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება გუშინ "მთავარის" ეთერში დაადასტურა. მეოთხე პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, რომელ ოპოზიციურ ძალას შეუერთდება, თუმცა აღნიშნა, რომ კონსულტაციებს მართავს პოლიტიკურ გაერთიანება "ლელოსთანაც".