რუსი ოკუპანტების მიერ სასაკლაოდ ქცეულ ბუჩაში უკრაინის სახალხო დამცველი ჩავიდა. ლუდმილა დენისოვა კრემლის სისასტიკისა და ომის დანაშაულების დოკუმენტირებისთვის ინფორმაციის მოგროვებას იწყებს.
დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის შექმნილი 14 მეტრიანი საფლავი, "კადიროველების" მიერ ადამიანების დასახოცად მოწყობილი სპეციალური ბაზა და სისხლის კვალი, რომელიც ყველა კუთხეშია - ასეთია სურათი, რომელიც ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში უკრაინის ომბუდსმენს დახვდა.
დენისოვა საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს და მოითხოვს, რაც შეიძლება მალე ჩაკეტონ უკრაინის ცა, ასევე, მიაწოდონ ქვეყანას იარაღი აგრესორთან საბრძოლველად.
"პროკურორები ახლა სასაფლაოების გახსნისა და ექსჰუმაციისთვის დადგენილებებს ამზადებენ და დაიწყებენ მუშაობას, რომ ახლობლებმა შეძლონ მოკლულების იდენტიფიცირება. ასევე, იმისთვის, რომ მათი დაღუპვის მიზეზი დადგინდეს ოკუპანტების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის. მე ამ ფაქტებს ვაფიქსირებ და ყველაფერს დეტალურად მივაწვდი საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროსა და ეუთოს", - ამბობს ლუდმილა დენისოვა.