
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" წერს, რომ "ქართული ოცნებიდან" სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრის, დათო ადამიას კომპანია შპს "დაგი", სახელმწიფო შესყიდვებში ამჟამად შეცვლილი მონაცემებით მონაწილეობს.
2021 წლის ივნისიდან "დაგის" ახალი სახელი "მენათი" გახდა. კომპანიას ამ პერიოდში სენაკის მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 1 389 507 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვს მიღებული, მათ შორის 416 614 ლარის ხელშეკრულება "მენათმა" 2022 წლის მარტში მიიღო, როცა სენაკის მერიის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
TI წერს, რომ ისინი 2021 წლის თებერვალში წერდნენ დათო ადამიასა (საკრებულოს წევრობის დროს) და მისი კომპანიის 6,779,143 ლარიან შესყიდვებზე. ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, 2021 წლის ივნისში ადამიამ დატოვა "დაგის" დირექტორის პოზიცია, შპს-ს 100% წილი კი უსასყიდლოდ ალექსანდრე ახალაძეს გადასცა, რომელიც იმავდროულად კომპანიის დირექტორიც გახდა.
სახელწოდების გარდა, კომპანიის იურიდიული მისამართიც შეიცვალა - სენაკის სოფელ ეკის ნაცვლად, იგი ამჟამად ბაღდათში, სოფელ ფერსათშია რეგისტრირებული. თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემში - "სხვა მისამართი" სენაკი, ასათიანის ქ.N71-ია მითითებული.
"ზემოთ მოყვანილი გარემობები აჩენს ეჭვს, რომ შპს "დაგის" მონაცემების, წილის მფლობელისა და დირექტორის ცვლილება ფორმალური ხასიათისაა. დათო ადამია, სავარაუდოდ, ცდილობს, დამალოს საკუთარი კავშირი როგორც კომპანიასთან, ისე შესყიდვებში ჩართულობასთანაც", - წერს TI
მონაცემების შეცვლის შემდეგ, შპს "მენათმა" 13 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა 6 შემთხვევაში და ექვსივეჯერ შემსყიდველი სენაკის მერია იყო.