აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კანონპროექტმა სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო.

კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას, სიტყვით გამოვიდნენ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიქსი და კონგრესმენები ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი

"დღეს როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და როდესაც რუსეთი ახორციელებს შეჭრას უკრაინაში, ეს გახლავთ ერთგვარი გამომაფხიზლებელი შეხსენება, რომ ქვეყნებს, როგორებიც გახლავთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა სჭირდებათ ერთად დგომა და ჩვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა",- თქვა გრეგორი მიქსმა. 

კონგრესმენმა კონოლმა აღნიშნა, რომ საქართველომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით დაამტკიცა თანამშრომლობის მზაობა და სურვილი NATO-სა და დასავლეთთან ურთიერთობის უზრუნველყოფის სფეროში.

"საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ ერთ სულ მოსახლეზე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით, დაამტკიცა თანამშრომლობის მზაობა და სურვილი NATO-სა და დასავლეთთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ამის საპასუხოდ, აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს რუსეთის ნებისმიერი აგრესიისა თუ შეჭრის თავიდან აცილებაში",-თქვა მან.

კონგრესმენ ადამ კინზგერის თქმით, მიღებული აქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი.

"აღნიშნული კანონპროექტი ორჯერ იქნა დამტკიცებული წარმომადგენელთა პალატაში და მას გააჩნდა მტკიცე და საკმაოდ დიდი ორპარტიული მხარდაჭერა. დღეს აქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი, რაც გამოიხატება მზარდ მხარდაჭერაში უსაფრთხოების მიმართულებით",-თქვა კინზიგერმა.

იმისთვის, რომ დოკუმენტი კანონად იქცეს, ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე უნდა დაამტკიცონ, რის შემდგომაც, კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის სენატს მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი