საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია - პოლიტიკოსთა შეფასებები

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. კანონპროექტი 136 ხმის 5-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

კენჭისყრაზე, რომელშიც 142 დეპუტატი მონაწილეობდა, მაღალი საკონსტიტუციო კვორუმი იყო მოთხოვნილი.

პოლიტიკოსებმა მედიასთან უკვე შეაფასეს მიღებული ცვლილებები. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, შესრულდა ხალხის, ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნა. თუმცა, ეს არის შეთანხმების მხოლოდ ერთი ნაწილი.

ეს არის შეთანხმების ერთი ნაწილის შესრულება, მაგრამ ახლა დარჩენილია მისი მეორე მხარე. ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ამის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას... ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს თუკი შესრულდება შეთანხმება მთლიანად, - განმარტავს გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დადებითად აფასებს საკონსტიტუციო ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ მისმა პარტიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა საკანონმდებლო პროექტის მიღებაში.

მიმაჩნია, რომ "ევროპული საქართველოს ხმები დღეს იყო გადამწყვეტი იმაში, რომ პირველი მოსმენით პროპორციული სისტემა გავიდა და არ მივეცით "ქართულ ოცნებას" საშუალება, იგივე გაეკეთებინა, რაც გააკეთა ნოემბერში, - დასძენს ბაქრაძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირმა ხუთმა პარლამენტარმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. მისი თქმით, ეს პროცესი არ იყო 20 ივნისის მოვლენების გაგრძელება და იყო მხოლოდ 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობა, რომელიც მისი აზრით, არ იყო სახალხო შეთანხმება.

ლოგიკურად ვერავინ ხსნის, რატომ არის უკეთესი 30 მაჟორიტარი, ვიდრე 73. გამოდის, რომ რაღაც გარკვეულწილად არა სიტუაციის გაუმჯობესებასთან გვაქვს საქმე, არამედ სიტუაციის გაუარესებასთან, იმიტომ, რომ თუ აქამდე ბრალს უყენებდნენ მაჟორიტარებს, რომ ისინი ცუდად ახორციელებენ თავიანთ ფუნქციას, 30 მაჟორიტარი, კიდევ უფრო უარესად, რადგან მათ დაქვემდებარებაში გაცილებით დიდი ტერიტორია იქნება, - აცხადებს იგი.

კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ კმაყოფილი მაშინ იქნება, როდესაც ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და ხელისუფლება არჩევნებით შეიცვლება. იგი იმედოვნებს, რომ მეორე და მესამე მოსმენაც მალე მოხდება, რადგან ვითარება არაორდინალურია.

მე არ ვუყურებ ამ პროექტს, როგორც იდეალურს, მაგრამ ეს არის უკეთესი, ვიდრე დღეს არსებობს სისტემა. მეტი შანსია ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის და მეტი შანსია, რომ არჩევნებმა მოიტანოს ცვლილებები, ამიტომ მიმაჩნია, რომ შეთანხმება, რომელიც იყო ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მონაწილეობათ მიღებული, უნდა იქნეს ბოლომდე მიყვანილი, - ამბობს ბესელია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი