რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე მორიგი იერიშები მიიტანეს.
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, აგრესორებმა სევეროდონეცკში საავადმყოფოს და მრავალსართულიან შენობებს გაუხსნეს ცეცხლი, ასევე, დაბომბეს საცხოვრებელი სახლები ლისიჩანსკში.
მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
"სევეროდონეცკში დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობები. რაოდენობა ჯერ კიდევ დგინდება. მტერი ვერ ახერხებს შეტევითი გეგმის განხორციელებას, ამიტომ კვლავ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს. სახლები განადგურდა ლისიჩანსკში, ასევე, სევეროდონეცკში, ნოვოდრუჟესკსა და ტოშკოვკაში", - ამბობს გაიდაი.
მისივე თქმით, ფრონტის ხაზზე უკრაინულმა არმიამ მტრის 9 შეტევა მოიგერია. განადგურდა რუსების 6 ტანკი, 5 ჯავშანტექნიკა, 6 მანქანა და 4 საარტილერიო სისტემა. გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ორი თვითმფრინავი, ერთი საკრუიზო რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი.
ამ დროისთვის, ოკუპანტები აგრძელებენ საარტილერიო შეტევას ქალაქ პოპასნაზე.
ცნობისთვის, გუშინ აგრესორების თავდასხმის შედეგად სევეროდონეცკში სულ მცირე 10 სახლს გაუჩნდა ცეცხლი, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, დაინგრა 2 სკოლა და რამდენიმე მაღაზია. გარდა ამისა, დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ აგრესორები იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ჰუმანიტარული დახმარების რიგში იდგნენ.