პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, მიხეილ ხუბუტია კახეთში მიწებს ყიდულობს. სოფელ ნაფარეულში ხუბუტიამ უკვე შეიძინა 800 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, რომელიც ცოლის დის, ნონა ჯანაშიას სახელზე გააფორმა.
ნაფარეულში დღეს დაპირისპირება მოხდა. მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ხუბუტიას 2008 წლის ომზე გაკეთებული განცხადებები შეახსენა, ხუბუტია გაბრაზდა, ოპოზიციის წევრს აგინა და დაემუქრა.
ხუბუტია ერთ ერთი პირველი იყო ვინც საქართველო 2008 წლის ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ამ განცხადებების შეხსენების გამო ხუბუტიამ აგრესია არც "მთავარის" ჟურნალისტის მისამართით დამალა.
არის თუ არა ვლადიმერ პუტინი მიხეილ ხუბუტიას ახალ ბიზნეს გეგმასთან კავშირში ჯერ უცნობია. ფაქტია რომ ის საქმიანობას ისეთ სფეროში იწყებს რაც რუსეთში მომგებიანია.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თვლიან რომ ხუბუტიას მსგავსი ბიზნესმენების საქართველოში საქმიანობით რუსეთის სპეცსამსახურები დამატებით დასაყრდენს იკეთებენ.
ხუბუტიას ცოლის დას, ნონა ჯანაშიას, ვისზეც მიწის ნაკვეთებია გაფორმებული, "მთავარმა" თბილისში, საცხოვრებელ სახლში მიაკითხა თუმცა ჯანაშიამ ახალ ოჯახურ ბიზნესზე საუბარი არ ისურვა.
ნაფარეულში კი ამბობენ რომ ხუბუტია მოლაპარაკებებზე პირადად არ ჩნდება და შესაბამისად მათთვის ბოლომდე უცნობი იყო ვინ ყიდულობდა მათ საკუთრებას.
ოპოზიციაში ფიქრობენ რომ ხუბუტიამ გლეხების გაჭირვებით ისარგებლა.