ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - არჩილ თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით, 136 ხმით ხუთის წინააღმდეგ დღეს მიიღო. ცვლილებების მნიშვნელობის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. 

იმედი მაქვს, რომ მიღებული გადაწყვეტილება სრულად იქნება გამოყენებული, როგორც შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ეს საპარლამენტო არჩევნები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ საქართველოში დემოკრატია, გავაგრძელოთ დემოკრატიული განვითარება და შევქმნათ კიდევ უფრო სტაბილური, კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემა, - აცხადებს იგი.    

თალაკვაძე მადლობას უხდის საკუთარ კოლეგებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის და ასევე, მადლობით მიმართავს საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო. თუმცა იგი აღნიშნავს, რომ "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერა ცვლილებების მიღებისთვის, რაოდენობრივად, აუცილებელი არ იყო.   

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ  "ოცნებას" "ევროპული საქართველოს" გამოკლებით 117 ხმა ჰქონდა დათვლილი, რასაც შემდეგ ემზარ კვიციანი გამოაკლდა და ეს საკმარისი იყო ცვლილებების მიღებისთვის. 

ამ ცვლილებების მნიშვნელობაზე დიდხანს არ ვისაუბრებ, პირველად ამ 25 წლის მანძილზე, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, არჩევნები ჩაატაროს ისეთი საარჩევნო სისტემით, რომელზეც თანხმდება მთელი პოლიტიკური სპექტრი. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილებები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ 29 ივნისს წარმატებით დასრულდება ამ კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღება, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი