"რომ არა ბავშვი, ადგილზევე დაგხვრეტდითო" - ოკუპანტების გატაცებული უკრაინელი ჟურნალისტის შესახებ 2 კვირაა ოჯახმა არაფერი იცის

გამოქვეყნდა:

უკვე 2 კვირაა ცნობილი  უკრაინელი ჟურნალისტი ზაპორიჟიიდან, ირინა დუბჩენკო გატაცებულია და მის შესახებ ოჯახმა არაფერი იცის. რუსმა დამპყრობლებმა ის ქალაქ როზივკაში დააკავეს და დონეცკში "საგამოძიებო მოქმედებებისთვის" გადაიყვანეს.  

წინასწარი ინფორმაციით, მას ბრალად უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის დამალვა და ჟურნალისტური საქმიანობა ედება. 

"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ირინა დუბჩენკოს და, ალექსანდრა დუბჩენკო ამბობს, რომ ირინას ბოლოს გატაცების წინ, 26 მარტს ესაუბრნენ.

"26-ში საღამოს დაიკარგა ჩემი და და დღემდე არ ვიცით სადაა. როზივკას ტერიტორიაზე ცხოვრობდა. იქ სიმშვიდე იყო, სანამ არ შევიდოდნენ ოკუპანტები. ისინი მივიდნენ 26-ში დილით ჩემს დასთან... ირინამ მოახერხა და გამოვიდა კავშირზე და შემატყობინა, რომ მიაკითხეს საოკუპაციო ძალებმა და უთხრეს, რომ იციან მასზე ყველაფერი, იციან, რომ იყო ჟურნალისტი. იმის მერე შევიდნენ სახლში, ჩაატარეს ჩხრეკა, ნახეს ბავშვის ნივთები და უთხრეს, რომ არა ბავშვი, ადგილზევე დახვრეტდნენ." ამბობს ალექსანდრა დუბჩენკო. 

მისი თქმით, ამის შემდეგ მშობლები წავიდნენ როზივკაში, თუმცა ვერაფერი გაარკვიეს. ოჯახი ვარაუდობს, რომ ირინა იმ ადგილობრივებმა გასცეს, ვინც ოკუპანტების მხარეს არიან და მათ შეატყობინეს, რომ დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცს მასპინძლობდა საკუთარ სახლში:

კომენდატურაში მშობლებს უთხრეს, რომ ირას ბრალდებოდა ნაცისტური დაჯგუფებების ხელშეწყობა. ვთხოვდით ინფორმაციას სად იმყოფებოდა, მაგრამ არ გვითხრეს და დღემდე არ გვაქვს ინფორმაცია" ამბობს ირინას და.

მისი თქმით, ირინამ ვერ მოასწრო დეტალურად აეხსნა ვითარება, რომელიც მისი გატაცებას უძღოდა წინ, თუმცა ცნობილია, რომ ოკუპანტებმა სახლსი მარტო დატოვეს მისი მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი ბებია. გარდა ამისა, დუბჩენკოებმა არაფერი იციან იმ ჯარისკაცის შესახებაც, რომელიც ჟურნალისტმა შეიფარა - "როცა ირინამ დაიწყო ლაპარაკი მასზე, მაშინ გაწყდა კავშირი" - ამბობს "დღის სტუმრის" ეთერში ჩართვისას ალექსანდრა დუბჩენკო. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი