
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში იმყოფება შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალიანსს ნატოს მინისტერიალში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოწვევისთვის, რაც წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებას. ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატოს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით.
სტოლტენბერგის გარდა, დარჩიაშვილი შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელს.