"რუსულმა ჯარმა სიკვდილი და ნგრევა მოიტანა იქ, სადაც უკრაინელები და ბერძნები საუკუნეების მანძილზე მშვიდად ცხოვრობდნენ" - ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსიმ საბერძნეთის პარლამენტს მიმართა. სიტყვით გამოსვლისას მან მარიუპოლში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქი რუსმა ოკუპანტებმა თითქმის სრულად გაანადგურეს. 

"მარიუპოლი იყო ნახევარმილიონიანი ქალაქი და იქ ჯერ კიდევ 100 000-მდე ადამიანია. პრაქტიკულად, არ დარჩა დაუზიანებელი შენობა. შენობების აბსოლუტური უმრავლესობა მთლიანად დანგრეულია. რუსებმა გაანადგურეს ყველაფერი: საავადმყოფოები, სამშობიაროები, საცხოვრებელი კორპუსები, ქალაქის თეატრი, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ბომბებს აფარებდნენ თავს. დარწმუნებული ვარ, უკვე ყველა თქვენგანმა ნახა, როგორ გამოიყურება ახლა ქალაქი.

ეს არის ის, რაც რუსეთმა გააკეთა ჩვენს მშვიდობიან მარიუპოლში და ასევე, თქვენს მშვიდობიან მარიუპოლში. ეს ქალაქი ყოველთვის იყო დიდებული ბერძნული თემის სახლი. უკრაინის ბერძნული საზოგადოება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. საუკუნეების მანძილზე ჩვენი ხალხები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ზრდიდნენ შვილებს, აშენებდნენ მომავალს", - მიმართა ზელენსკიმ ბერძენ პარლამენტარებს. 

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი ქალაქი, რომლის განადგურებაც შესაძლოა, რუსეთმა სცადოს, ოდესაა. მისი თქმით, დღეს იქ სროლა არ ისმის მხოლოდ იმის გამო, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსების ბარბაროსულ თავდასხმებს იგერიებენ. 

"როდესაც თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ოდესაში გასულ კვირას, ქალაქი რუსული დაბომბვის, მორიგი სარაკეტო შეტევის შედეგებს განიცდიდა. ოდესაში დღეს სროლა არ არის, მაგრამ რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იგერიებენ რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმებს. 

რუსულმა ჯარებმა მიიტანეს სიკვდილი და ნგრევა იქ, სადაც უკრაინელები და ბერძნები საუკუნეების მანძილზე მშვიდობითა და კეთილდღეობით სარგებლობდნენ. რუსეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია თავის დაუსჯელობაში იმ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს. ჩვენ უნდა მივიყვანოთ რუსეთი მართლმსაჯულების წინაშე, უნდა გადავარჩინოთ ოდესა მარიუპოლის მსგავს ნგრევას, უნდა გადავარჩინოთ მარიუპოლის ის მცხოვრებლები მაინც, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და რომელთა გადარჩენაც კიდევ შესაძლებელია", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მანვე ასევე რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელების გადასახლებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ათიათასობით ადამიანი იძულებით არის გადაყვანილი რუსეთისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"რუსეთმა სამხრეთ უკრაინიდან ისევ ხალხის დეპორტაცია დაიწყო. სულ მცირე ათიათასობით ჩვენი მოქალაქე უკვე დეპორტირებულია რუსეთში და მათ მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ესენი არიან მარიუპოლის და სხვა ქალაქების მცხოვრებლები, რომლებსაც თავს დაესხნენ რუსული ჯარები. რუსეთის მიერ ხალხის ეს იძულებითი გადასახლება ახალი არ არის როგორც ბერძნებისთვის, ისე უკრაინელებისთვის", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი