"ლელოში" გიორგი მარგველაშვილთან აქტიურ მოლაპარაკებებს ადასტურებენ

გამოქვეყნდა:

პოლიტიკურ მოძრაობა "ლელოში" ადასტურებენ, რომ გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ლელოს" გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის შეხედულებები "ლელოს" ღირებულებებთან თანხვედრაშია და მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები.

ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი ფორმით იქნება ეს პარტნიორობა. ჩვენ გვინდა, რომ შევჯერდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაპირებთ შევცვალოთ ეს ქვეყანა... ტექნიკური მხარე არის აბსოლუტურად, თუ როგორი ფორმით იქნება ეს განხორციელებული, - ამბობს ჯაფარიძე.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უფრო მრავალფეროვანი გახდება და ამომრჩეველსაც მეტი არჩევანი მიეცემა.

პოლიტიკური ველი და ლანდშაფტი რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ უკეთესი იქნება, - დასძენს კობერიძე.

დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს კი განსხვავებული მოსაზრება აქვს და ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტს წარსულში გამოთქმულ ფრაზებს ახსენებს.

როცა ადამიანი იძახის, პლასტელინი ვიქნებიო და მერე უნდა პოლიტიკოსობა, პოლიტიკა და პლასტელინი ერთმანეთისგან განსხვავდება, - ამბობს ჭიჭინაძე.

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ მისი პარტია გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება გუშინ "მთავარის" ეთერში დაადასტურა. მართალია, მეოთხე პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, რომელ ოპოზიციურ ძალას შეუერთდება, თუმცა მის "ლელოში" გაწევრიანების ალბათობას ზრდის ის გარემოება, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ექს-პრეზიდენტისთვის თანამშრომლობა არ შეუთავაზებიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი