კიევის რეგიონში, ბოროდიანკაში 200-მდე ადამიანი დაკარგულია - ინფორმაცია უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ტელეგრამ არხზე ვრცელდება. ამავე ინფორმაციით, დაწყებულია იმ საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევების დემონტაჟი, სადაც ავიაიერიშის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
„გუშინ დაიწყო მუშაობა ბოროდიანკაში. რუსული ავიაციის დარტყმის შედეგად დანგრეული სახლების ნანგრევების დემონტაჟი დაიწყო. დაინგრა 10-მდე სახლი, რომლის ნანგრევების ქვეშ უკრაინელები დარჩნენ. ნანგრევების ქვეშ დაღუპული 4 ადამიანის ცხედარი უკვე ნაპოვნია - და ეს მხოლოდ დასაწყისია.
200-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და ჩვენ გვესმის, რომ ბევრი მათგანი სამუდამოდ" - აცხადებს გერაშჩენკო.
ოკუპანტების მიერ, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში ჩახოცილი და ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი საფლავები ბუჩაში, გოსტომელში, მოტიჟინში აღმოაჩინეს.
„ამჟამად ცნობილია 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ კიევის რეგიონში, მაგრამ ეს რიცხვი გაიზრდება“, - განაცხადა ანტონ გერაშენკომ.
მისივე თქმით, უკრაინის შსს-მ და გენპროკურატურამ უკვე იციან რუსეთის არმიის ქვედანაყოფების იმ ხელმძღვანელების ვინაობა და გვარები, რომლებიც კიევის რეგიონში იმყოფებოდნენ - "ამ ომის დამნაშავეებმა იციან თავიანთი დანაშაულების შესახებ და იციან, რომ ჩვენ მათ ვიცნობთ“, - ამბობს გერაშენკო.