
136 ხმა 5-ის წინააღმდეგ - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. განხილვებში და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო "ევროპულმა საქართველომ" პირველ მოსმენაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ოპოზიციური პარტია მეორე და მესამე მოსმენაზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება.
"ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ პროცესს დაპირების სანახევროდ შესრულებას უწოდებს და ხელისუფლებამ მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმების პირობები.
დღეს გადაიდგა ძალიან დიდი ნაბიჯი ახალი კონსტიტუციის მისაღებად. ეს ამ შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მაგრამ შეთახმება არ არის სრულად შესრულებული, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური დევნა ისევ გრძელდება. ჩვენ მზად ვართ მეორე-მესამე მოსმენისას ცვლილებებს მხარი დავუჭიროთ, თუ შეთანხმების ყველა ნაწილი იქნება სრულად შესრულებული, - ამბობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, მისი პარტიის ხმები იყო გადამწყვეტი, რათა "ოცნებისთვის" არ მიეცათ საშუალება, იგივე გაეკეთებინა, რაც ნოემბერში გააკეთა.
კიდევ ერთხელ ვნახეთ კლიმატი სხდომათა დარბაზში, ვნახეთ რამდენი ადამიანი აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას წინააღმდეგ და ეს ყველაფერი ძალიან გავდა იმას, რაც ხდებოდა ნოემბერში, როცა ერთი მხრივ, ოცნების ლიდერები ამბობდნენ, რომ ხმები არის საკმარისი, მაგრამ მეორე მხრივ, ირკვეოდა, რომ დეპუტატები ხმას არ აძლევნდნე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ევროპული საქართველოს ხმები იყო გადამწყვეტი, - ამბობს იგი.
დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ თუ რომელიმე პოლიტიკოსს საკუთარი თავი ქვეყნის მომავალზე მზრუნველ ადამიანად მიაჩნია, მას არ აქვს უფლება, დღევანდელ პროცესს გამიჯვნოდნენ.
იმედი მაქვს, მეორე და მესამე მოსმენის დროსაც უფრო ფართო პოლიტიკური კონსესუსით შედგება, - აცხადებს ჯაში.
მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დღევანდელ განხილვაზე ცვლილებებს ოპოზიციის ხმების გარეშეც მიიღებდნენ.