
მაქსიმალურად პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის მიღებას მხარი არ დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა - დავით ჭიჭინაძემ, ბიძინა გეგიძემ, ემზარ კვიციანმა, კახა ოქრიაშვილმა და ნატო ჩხეიძემ.
ცვლილებების მოწინაღმდეგეთა თქმით, მაჟორიტარული სისტემა ხალხის ხმის პარლამენტში გაჟღერებას პროპორციულზე უკეთ უზრუნველყოფს და ცვლილებებს სწორედ ამიტომ არ დაუჭირეს მხარი.
ძალიან მაინტერესებს, ვინც დღეს მისცემს ხმას, იმან როგორ უნდა სთხოვოს მოსახლეობას, მხარი დამიჭირეო. ვერ დაუჭერს მოსახლეობა მხარს იმ მაჟორიტარულ კანდიდატებს, ვინც დღეს მწვანე ღილაკს მიაჭერს ხელს და გაუუქმებს ამ პრეროგატივას ხალხს, - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი.
ბიძინა გეგიძე მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაცია დევალვირებულია, რადგან პოლიტიკურ სუბიექტებს შორის გაცხადებული ვაჭრობა მიმდინარეობს.
იმ გადაგდების მერე, დღევანდელი შემოთავაზებული იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომელთა ვაჭრობის დროს დაიდო ის შეთანხმება თუ არშეთანხმება, არანაირად არ ასახავს ხალხის ინტერესებს, - აცხადებს იგი.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი უნდა დასრულდეს 29 ივნისს. ხვალ ჩაინიშნება ბიუროს სხდომა, რომლის შემდეგაც კანონპროექტს მეორე მოსმენაზე განიხილავენ იურიდიულ კომიტეტზე. იურიდიული კომიტეტიდან კი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს მეორე მოსმენით.