უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიპლომატიურ მისიებსა და საელჩოებს სთხოვა, კიევში დაბრუნდნენ და მუშაობა გააგრძელონ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თურქეთისა და ლიეტუვას ელჩები უკრაინის დედაქალაქში უკვე დაბრუნდნენ და ამისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
"მინდა აღვნიშნო, რომ სხვა ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები დედაქალაქში ბრუნდებიან. თურქეთის ელჩი გუშინ დაბრუნდა, დღეს დაბრუნდა ლიეტუვას ელჩი. მანამდე კიევში მუშაობა სლოვენიის საელჩომ განაახლა. მე გულწრფელად მადლობელი ვარ უკრაინის მეგობრების, რომლებიც მხარს გვიჭერენ ზუსტად ისე, როგორც ახლაა საჭირო, თუნდაც სიმბოლოების და დიპლომატიური ჟესტების დონეზე. მოუთმენლად ველი შეხვედრას ყველასთან, ვინც ჩვენთანაა, ყველასთან, ვინც გამბედავია. გთხოვთ დაბრუნდით ჩვენს დედაქალაქში და გააგრძელეთ მუშაობა", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ დიპლომატიური მისიების დაბრუნება იქნება სიგნალი რუსეთისთვის, რომ "კიევი ჩვენია, ეს არის ჩვენი დედაქალაქი და არა რუსეთი პროვინცია".