უკრაინელების 64% რუსეთთან შერიგებას შეუძლებლად მიიჩნევს - გამოკითხვა

გამოქვეყნდა:

ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმ უკრაინელების რაოდენობა, რომლებიც რუსეთთან შერიგებას შეუძლებლად მიიჩნევენ, 42%-დან 64%-მდე გაიზარდა - ინფორმაციას უკრაინული მედია სოციოლოგიური ჯგუფის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ რიცხვი, ვინც თვლის, რომ უკრაინელებსა და რუსებს შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ზოგადად შეუძლებელია, ერთნახევარჯერ გაიზარდა (42%-დან 64%-მდე). 
22% თვლის, რომ ეს შეიძლება მოხდეს მინიმუმ 20-30 წელიწადში. 
ისინი, ვინც შერიგების შესაძლებლობას ხედავენ მომავალი 15 წლის განმავლობაში,  დაახლოებით 10% -ია.
7%-ს მიაჩნია, რომ ეს შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში, ხოლო 4%-მა კითხვას ვერ უპასუხა.

სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთშიც კი, გამოკითხულთა ნახევარზე მეტს არ სჯერა ხალხებს შორის მეგობრობის აღდგენის.

ამასთან, აბსოლუტური უმრავლესობა (91%) არ უჭერს მხარს თეზისს, რომ „რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია“.
მხოლოდ 8%-ია ის, ვისაც დღეს ასეთი აზრი აქვს (2021 წლის აგვისტოში ასეთი ადამიანების რაოდენობა 41% იყო, 2022 წლის მარტში - 21%).

ამ იდეის მხარდაჭერა კვლავ ფიქსირდება აღმოსავლეთით მცხოვრებლების 23%-ში და ხანდაზმულთა მოსახლეობის 13%-ში, მაგრამ სხვა რეგიონებსა და ასაკობრივ ჯგუფებში ამ თეზისის თითქმის არავინ ეთანხმება.

გამოკითხვა სოციოლოგიურმა ჯგუფმა „რეიტინგმა“ ჩაატარა და გამოკითხა 1200 რესპონდენტი 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს შორის ყველა რეგიონში, გარდა დროებით ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის ტერიტორიებისა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი