კადიროვი კრემლში პირველად სპორტული სამოსით მივიდა. აფეთქებული მამის კოლაბორაციონისტ შვილს თავისი ერის ყველაზე დიდი მოსისხლე მტრის, ვლადიმერ პუტინისგან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ტიტული უნდა მიეღო.
ამ რანგში მყოფი კადიროვისგან პირველი ინტერვიუ "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტმა ანა პოლიტკოვსკაიამ აიღო.
ექვსსაათიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, კადიროვიც გამოჩნდა. ეზო, ვერანდა და ოთახები შეიარაღებული ადამიანებით გადაიჭედა, რომლებიც მოგვიანებით ჩვენს საუბარშიც ერთვებოდნენ და ფრიად უხეში და აგრესიული ტონით აკეთებდნენ კომენტარებს. თავად ვიცე-პრემიერი სავარძელში ჩაეფლო, ფეხები მაგიდაზე ჩემი სახის სიმაღლემდე შემოაწყო და ინტერვიუც დაიწყო.
- თქვენ რომ თავი დაგენებებინათ, ჩვენ, ჩეჩნები, დიდი ხნის წინ მოვახერხებდით გაერთიანებას.
- "თქვენში" ვის გულისხმობთ?
- ჟურნალისტებს. ისეთებს, როგორიც ხარ შენ. რუს პოლიტიკოსებს სწორედ თქვენ არ გვაძლევთ საშუალებას, წესრიგი დავამყაროთ. თქვენ ცდილობთ, განხეთქილება შემოიტანოთ. შენ ჩადექი ჩეჩნებს შორის. შენ მტერი ხარ. ბასაევზე უარესი მტერი, - ეს ინტერვიუ 2004 წლის ივნისში შედგა.
ანა პოლიტკოვსკაიას პუტინ-კადიროვის კრიმინალური ტანდემის მხილება არც მანამდე და არც ამ ინტერვიუს შემდეგ შეუწყვიტავს. ჩეჩნეთის თემაზე უამრავი სტატიისა და არაერთი წიგნის ავტორს, რესპუბლიკის მომავალ ლიდერზე საკუთარი აზრიც ძალიან კარგად ჰქონდა ჩამოყალიბებული.
კადიროვ უმცროსი უკიდურესად მატყუარა ადამიანია. როგორც ამ ტიპის ადამიანებთან ურთიერთობისას ხდება ხოლმე, მე საერთოდ მისდამი ნდობა მაქვს დაკარგული. აღარც მაშინ მჯერა, როცა ერთგულებას გვეფიცება და აღარც მაშინ, როცა ჩეჩნეთის ტელევიზიის მეშვეობით იქაურებს ეუბნება, რომ რუსებს სეირს ვუჩვენებთ და საკუთარ ადგილს მივუჩენთო. მითხარით, რომელ შემთხვევაში არ იტყუება ეს კადიროვი? მე, მაგალითად, ამის მტკიცებას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ. მას შეუძლია კარგად აულოკოს ხელი დიდ თეთრ მეფეს, და სულაც არ შერცხვეს იმავე დღეს ტელევიზიით გამოვიდეს და ჩეჩნურ ენაზე საკუთარ ხალხს უთხრას, რომ ამავე თეთრ მეფეს საკუთარ ადგილს აუცილებლად მიუჩენს, - ეს ჟურნალისტის უკანასკნელი ტელეინტერვიუ აღმოჩნდა.
2006 წლის 7 ოქტომბერს, შინ დაბრუნებულ პოლიტკოვსკაიას ლიფტში ოთხი ტყვია ესროლეს, რომელთაგან ერთი საკონტროლო იყო. მკვლელობა მედიამ "პუტინისთვის მიძღვნილ საჩუქრად" მონათლა, რადგან რუსეთის პრეზიდენტი სწორედ შვიდ ოქტომბერს არის დაბადებული. თავად პუტინი ამ ფაქტს ისე გამოეხმაურა, რომ იმ პერიოდისათვის ყველაზე ცნობილი რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას სახელი და გვარი არც კი ახსენა.
მოტივი შესაძლოა იყოს სხვადასხვაგვარი. დიახ, ეს ჟურნალისტი ნამდვილად იყო რუსეთში მოქმედი მთავრობის მწვავე კრიტიკოსი, მაგრამ მისი გავლენა რუსულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე უკიდურესად უმნიშვნელო გახლდათ, - განაცხადა პუტინმა.
პუტინის ხელისუფლება ყველანაირად შეეცადა პოლიტკოვსკაიას მკვლელობისთვის პოლიტიკური მოტივი მოეცილებინა, თუმცა უშედეგოდ. მათ მხოლოდ ის მოახერხეს, რომ წაშალეს ყველანაირი კვალი, რომელიც მკვლელობის დამკვეთამდე მივიდოდა.
აქ გაიჟღერა პირდაპირმა კითხვამ: ვინ მოკლა ანა? მე შემიძლია ამ კითხვას ასევე პირდაპირ ვუპასუხო. ანა მოკლა რუსეთის პრეზიდენტმა, ბატონმა პუტინმა. მე მშვენივრად ვიცი, რომ რუსეთში ანა პოლიტკოვსკაიას რანგის ჟურნალისტის მოკვლა მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია, ეს არის პუტინი და მეტი არავინ, - განაცხადა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდე ლიტვინენკომ თავის უკანასკნელ საჯარო გამოსვლაში.
ლიტვინენკომ არა მხოლოდ პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთის ვინაობა იცოდა, არამედ ფლობდა უტყუარ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ტერაქტები, რომლებიც ჩეჩნეთში მეორედ შეჭრის საბაბი გახდა, თავად პუტინის ორგანიზებული იყო.
ლიტვინენკო სასტიკად მოკლეს - მას რადიოაქტიური ნივთიერება პოლონიუმით მოწამლული ჩაი დაალევინეს.
დავასკვენი, რომ ბატონი ლიტვინენკოს მოსაკლავად "ეფ ეს ბე-ს" ოპერაცია, სავარაუდოდ, ნებადართული იყო "ეფ ეს ბე-ს" მაშინდელი ხელმძღვანელის, ბატონი პატრუშევის და ასევე, პრეზიდენტ პუტინის მიერ - ეს სიტყვები ბრიტანელმა მოსამართლემ, რობერტ ოუენმა იმ დასკვნაში ჩაწერა, რომელიც ლიტვინენკოს მკვლელობის გამოსაძიებლად ჩატარდა.
ამავე დასკვნის თანახმად, ლიტვინენკო მოკლეს რუსეთის მოქალაქეებმა დიმიტრი კოვტუნმა და ანდრეი ლუგოვოიმ, რომელიც 2007 წლიდან რუსეთის პარლამენტის წევრია.
დასკვნა, რომ ბატონი ლიტვინენკოს მკვლელობაში, სავარაუდოდ, რუსეთის სახელმწიფო იყო ჩართული, ღრმად შემაშფოთებელია. თავისთავად ცხადია, რომ ეს იყო საერთაშორისო კანონისა და ცივილიზებული ქცევის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების ღია და მიუღებელი დარღვევა.
ცივილიზებული ქცევის ფუნდამეტურ პრინციპების დარღვევა, რუსეთის ფედერაციის კრიმინალური მთავრობის ხელწერა მუდამ იყო და ალბათ, კიდევ იმდენ ხანს იქნება, ვიდრე ამ ქვეყანას ეს კაცი და მისი ერთგული ლაქია თავისი არმიით აკონტროლებს.
მთელი მსოფლიოს გასაგონად ვამბობთ, რომ ჩვენ, ვლადიმერ პიტინის საბრძოლო ქვეითი არმია ვართ. თუკი იქნება ბრძანება, ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რომ ეს ნამდვილად ასეა. გაუმარჯოს ჩვენს დიად სამშობლოს, რუსეთს! გაუმარჯოს ჩვენს ნაციონალურ ლიდერს, ვლადიმერ პუტინს! - კადიროვის არმია.
2015 წლის 27 თებერვალს, კრემლის კედელთან ახლოს, მეგობარ ქალთან ერთად მოსეირნე ბორის ნემცოვს ექვსი ტყვია ესროლეს. მალევე დადგინდა, რომ პუტინის მთავრი პოლიტიკური ოპონენტის მკვლელობის შემსრულებლები ჩეჩენი ეროვნების ზაურ დადაევი და მისი ამფსონები იყვნენ.
სასამართლო პროცესზე ყველაფერი ისე წავიდა, რომ დღის წესრიგში რამზან კადიროვის დაკითხვის საკითხიც დადგა, თუმცა საბოლოოდ, ჩეჩნეთის მთავრობის მეთაური სასამართლოში მაინც არ გამოიძახეს.
პუტინის რუსეთში კანონი არ კანონობს. ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს, საფრთხეში ჩააგდო საკუთარი და შენთვის ახლობელი ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება... რა თქმა უნდა, არ მინდა სიკვდილი. თუმცა, ალბათობა იმისა, რომ მომკლან, უსაზღვროდ მაღალია, - მიიჩნევდა ნემცოვი.
რა კომიკურადაც უნდა გამოიყურებოდეს შუა საუკუნეების აბჯარში გამოწყობილი 21-ე საუკუნის ჩეჩენი ფეოდალი, მისი მუქარა ყოველთვის სახიფათოა, იმის მიუხედავად რამდენი წელი გავა.
ძალაუფლებას რამზან კადიროვი დაუბრკოლებლად იყენებს. იყენებს ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გაბედავს და ნატალია ესტემიროვას მსგავსად, ჩეჩნეთში ადამიანების გაქრობის, წამებისა და მკვლელობის შემთხვევების აღრიცხვას დაიწყებს. ან უმარ ისრაილოვის მსგავსად, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის პირადი მცველი იყო და რომელმაც საჯაროდ ამხელა კადიროვი პოლიტიკური ოპონენტის მკვლელობის შეკვეთაში. ან ძმები იამადაევების მსგავსად, რომლებიც ყველამ იცოდა, რომ კადიროვის მტრები იყვნენ და ექვს თვიან ინტერვალში მოსკოვსა და დუბაიში დახოცეს.
დღეს უკვე ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმონოვი, თავის დროს დევნილად საკუთარი წვერის გამო იქცა. კადიროვის გავლენიან ნათესავს, რატომღაც მისი ფორმა არ მოეწონა და ახალგაზრდა კაცს წამებანარევი დაკითხვა მოუწყო. მომდევნო დღეს ტუმსომ ჩეჩნეთი დატოვა და თავშესაფარი საქართველოში ითხოვა, თუმცა უშედეგოდ. ახლა ის ევროპაშია და კადიროვის დანაშაულებრივი რეჟიმის მხილებით არის დაკავებული.
ტუმსოს ერთხელ უკვე მიაგნეს და მისი მოკვლა ჩაქუჩით სცადეს. მაშინ გადარჩა, მაგრამ იცის, რომ არ მოეშვებიან, ისევე, როგორც არ მოეშვნენ ჩეჩენ მებრძოლ ქალ ამინა ოკუევას, რომელიც მეორე ცდაზე მოკლეს. ისევე, როგორც არ მოეშვნენ ზელიმხან ხანგოშვილს, რომლის ლიკვიდაციაც მხოლოდ მესამე ცდაზე მოახერხეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბერლინის ცენტრში მომხდარ მკვლელობას დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა და რუსეთის მიმართ სანქციებიც გატარდა, იმ ქვეყნის მთავრობას, რომელსაც ზელიმხანის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვა კონსტიტუციით ევალებოდა, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და დამნაშავე რუსეთზე კრინტს ვერ დააძვრევინებ.
მთავრობა პრაქტიკულად უმოქმედოა გიორგი გაბუნიას მიმართ განხორციელებული ღია მუქარის შემთხვევაში. თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს 151-ე მუხლი, რომელიც მუქარას კრიმინალურ ქმედებად აღიარებს.
საქართველოს პროკურატურას ამ მუხლით სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე არ აღუძრავს. ჯერჯერობით, არც ის ადამიანები გამოვლენილან და დაკავებულან, რომლებიც ძალიან დიდი ალბათობით, გაბუნიას მოსაკლავად ჩამოსულ ვასამბეკ ბოკოვს უნდა დახმარებოდნენ.
ფაქტია, რომ ამჯერადაც ყველაფერი რუსეთის სპეცსამსახურებამდე მიდის. ახლა აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ მათ აღარ გაუჩნდეთ გაბუნიამდე მოსვლის სურვილი. სანქციები გიორგი გაბუნიას უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის სრული გარანტია ალბათ მაინც არ იქნება, რადგან რუსეთს ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ხანია აქვს გეგმა, რომელიც არაერთხელ მკაფიოდ განუხორციელებია.
ავტორები: გიორგი გვიშიანი, გელა ყაველაშვილი, ნოდარ ჭადაშვილი