2007 წლის სექტემბერში ტყვარჩელის საწვრთნელი ბანაკიდან სადაზვერვო-დივერსიული რაზმი მთის ბილიკებით კოდორისკენ დაიძრა. მას გრუ-ს ორი ოფიცერი - იგორ მუზოვატკინი და არტურ დვორკინი მეთაურობდნენ. ამოცანა კოდორის ქართული სოფლებისკენ მიმავალი გზის აფეთქება იყო, რათა ხეობა და მისი დამცველები საქართველოს მოწყვეტილიყვნენ.
რუსების სამხედრო დაზვერვის ოფიცრების გაწვრთნილ რაზმს 20 სექტემბერს გზა ცეცხლით გადაუჭრეს. მარშრუტზე, რომელიც წინასწარ იყო ცნობილი, ოთხი დღის განმავლობაში ქართული რაზმი ჩასაფრებაში იცდიდა.
20 სექტემბერს პოდპოლკოვნიკ მუზავატკინს ყელი გამოჭრეს - აფხაზი მესაზღვრეების საწვრთნელ მაღალმთიან ბანაკში, ტყვარჩელის რაიონში. ორმა ინსტრუქტორმა, ორმა ყოფილმა რუსმა ოფიცერმა ახალწვეულები სამთო მომზადების კურსის ჩასატარებლად ამოიყვანა. მეორე ოფიცერს, არტურ დვორკინს, ტყვია სახეში დაახალეს.
ორი რუსი ოფიცრის დაღუპვა ქართულ-აფხაზურად გამოცხადებულ კონფლიქტის ზონაში ჩვეულებრივი ამბავი არ იყო. დაღუპულები სამშობლოში მხედრული პატივით დაკრძალეს, მაგრამ ქართველთაგან დამარცხება არასდროს დავიწყებიათ.
ნახეთ, რას აკეთებენ. 1 წლის წინ გაიტაცეს აფხაზი სპეცრაზმელები და რუსი ინსტრუქტორები და ნახეთ, რა უქნეს. მხოლოდ ამისთვის აღარ უნდა არსებობდეს საქართველო. პირდაპირ პოსტებზე ჩეხავენ რუს მშვიდობისმყოფელებს! რა, ნახირია რუსები? თავებს აჭრიან, თვალებს თხრიან! ეს 2007 წლის აგვისტოში მოხდა, ახლა კი 2008 წლის აგვისტოა. მე ვიყავი მაშინ სოხუმში, - თქვა რუსეთის დუმის დეპუტატმა მაშინ ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.
2008 წლის ომის ერთ-ერთ გამართლებად 2007 წლის სამხედრო მარცხი გამოდგა. იმუშავა ლეგენდებმა რუსი ოფიცრების მოჭრილი თავების შესახებაც. შეურაცხყოფა იმდენად ღრმა აღმოჩნდა, გაეროს ტრიბუნით დაწყებული, რუსეთს არასდროს შეუწყვეტია დამნაშავეებად გამოცხადებული ქართველი სპეცრაზმელების გადაცემისა და დასჯის მოთხოვნა.
2010 წლის 6 მაისს, პოლიციისა და ასლან აბაშიძის გაქცევის დღეს, ბათუმში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კორძაძე მანქანაში ააფეთქეს. გამოძიება აფხაზეთში მოქმედი რუსული სამხედრო დაზვერვის კვალამდე სულ მალე მივიდა. ცნობილი ქართველთმოძულე ვალმერ ბუთბა და თამაზ კვეკვესკირი, როგორც უშუალო მონაწილეები, გალის ცენტრში სამაგალითოდ დასაჯეს.
აფხაზეთში მოქმედ გამოცდილ აგენტს 2012 წელს მოსულმა ხელისუფლებამ მადლობა პატიმრობით გადაუხადა. სხვებს, ძალოვანი უწყებების ოფიცრებს, გაცილებით ნაკლებად გაუმართლათ.
ვანო ნადირაძე ოპერაცია "კოდორი 200"-ის ერთ-ერთი დამგეგმავია. თავის დროს, უკრაინაში გაასწრო, დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს, მაგრამ უკრაინის ეროვნული გმირი და ბატალიონ "დონბასის" შტაბის უფროსი რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მამახილებელი მასალების გასაჯაროებას არჩევნების შემდეგ აპირებს, რათა დაამტკიცოს, ვინ გაიმეტა მისი თანემებრძოლები სასიკვდილოდ. იგი ჯანყარაშვილის, ჯანელიძისა და თამაზაშვილის გვარებს ახსენებს.
შინაგანი და სახმელეთო ჯარების ყოფილ სარდალს, გოგი თათუხაშვილს, რომელმაც წლების, პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო, ოთხი ტომი მასალები აქვს შეგროვილი. 2014 წელს იგი ვერც საკუთარი შვილის, კაპიტან შალვა თათუხაშვილის დაკრძალვას დაესწრო, რომელიც პროკურატურაში დაკითხვისა და სამკვირიანი გაუჩინარების შემდეგ ძალიან უცნაურად გარდაიცვალა.
ჩემს შვილს ვაფრთხილებდი, რომ საქართველო დაეტოვებინა, რომ მაგ ოპერაციის გამო გემუქრებიან, მაგრამ შალვა არ მივიდა იქ, - ამბობს გოგი თათუხაშვილი.
გიორგი ივანიძეც ოჯახიანად არის გაქცეული საზღვარგარეთ. წასვლა უცებ გადაწყვიტა, როდესაც კოდორი 2007-ის მონაწილე მისი ძმა, სპეცრაზმის გამოცდილი მძღოლი, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. გიორგი ივანიძის მანქანაში მჯდომი შვილი სიკვდილს ძლივს გადაურჩა.
ვანო ივანიძეს სულ რამდენიმე ასეული მეტრი დააკლდა შეხვედრის ადგილამდე, სადაც ჟურნალისტისთვის მეხსიერების ბარათი უნდა გადაეცა. ძმამ და ახლობლებმა მხოლოდ ის იციან, რომ ბარათზე მისი დაკითხვის ფარული ჩანაწერი იყო.
გენერალი თათუხაშვილი დარწმუნებულია, რომ კუდ-ის სპეცრაზმის ყოფილი მეთაური მისი შვილიცა და კოდორი 2007-ის სხვა მონაწილეებიც მედიკამენტოზურად მოწამლეს, რათა სასურველი ჩვენებები მიეღოთ. კუდის ოფიცრები ალექსანდრე დანელია და სერგო უბილავა ხელისუფლების ცვლილებიდან უსწრაფესად, 2012 წლის 13 ნოემბერს უგზო-უკვლოდ გაქრნენ. მხოლოდ 22 დღის შემდეგ აღიარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ ორივე პატიმრობაში ჰყავდა. უბილავა 5 თვეში ციხეში გარდაიცვალა. გამოძიების ვერსიით, სპეცრაზმის ოფიცერი, სპორტსმენი, ციროზით გარდაიცვალა. ციხიდან ცოცხალმა გამოაღწია დანელიამ, მაგრამ სულ მალე, 2013 წლის ნოემბერში, ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიით გარდაცვლილი იპოვნეს. ექსპერტმა თვითმკვლელობა დაადგინა, თუმცა მისი მეგობრები ამტკიცებენ, რომ ნასროლი ორი სხვადასხვა პისტოლეტით ჰქონდა.
ზვიად ლაგვილავა კოდორის სპეცოპერაციის შემდეგ აფხაზეთის სუს-ის სპეცრაზმის მეთაური იყო. როდესაც მისი სამუშაო კაბინეტის აფეთქების კადრები გამოქვეყნდა, ოჯახმა შეამჩნია უცნობი კაცი, რომელიც ოთახში დადის და შემდეგ იქაურობას ტოვებს. ოფიციალური ვერსიით, ლაგვილავას წყლის გამაცეხლებელი აუფეთქდა.
ამბავი კიდევ უფრო საეჭვო გახდა, როდესაც შენობის აფეთქებული ნახევარი ძირისძირობამდე ერთ ღამეში დაშალეს და ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტის მიყვანის საშუალება არ მისცეს.
2016 წლის ივლისში შურისძიება გაგრძელდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე მთელი მჭიდი დააცალეს კოდორი 2007-ის კიდევ ერთ მონაწილეს, არჩილ მამაგეიშვილს. კამერების ჩანაწრები ვერ გაქრა და მკვლელი ვერ დაიმალა, რადგან ის მამაგეიშვილის მეგობარმა დაჭრა.
მამაგეიშვილმა იცოდა, რომ ძებნილი იყო. ოღონდ იმ ტერიტორიებზე, სადაც ფარულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა
ერთი შემიძლია პირდაპირ დავასახელო - საქართველოს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი არჩილ მამაგეიშვილი, - ამბობს სამხრეთ ოსეთის პროკურატურის გამომძიებელი ალექსეი ლიპინი.
სიკვდილამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე მამაგეიშვილს სამხედრო სამსახური დაატოვებინეს. დაკითხვებზეც ატარეს, თუმცა არც სახლში და არც მეგობრებისთვის მას არაფერი მოუყოლია.
2007 წელს კოდორის ხეობაში აფხაზ დივერსანტებთან და მათ რუს ინსტუქტორ-მეთაურებთან ბრძოლაში მონაწილეთაგან, სულ მცირე, შვიდი ქართველი ოფიცერი, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. ზოგიერთმა უცხოეთში თავის შეფარება მოასწრო. საქართველოში და ცოცხლები, როგორც ამბობენ, ისინი გადარჩნენ, ვინც "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან საერთო ენა უფრო იოლად მოძებნა და ყველა საქმეზე სასურველი ჩვენება მისცა. თავიანთი თანამებრძოლებზეც, მეთაურებზეცა და იმ ბრძოლაზეც, რომელსაც წლების განმავლობაში საქართველოს მთლიანობისთვის აგრძელებდნენ. მათი და მათი ახალი მეთაურების დამსახურებით, პასუხი არც მავთულხლართების გადმომწევს გაეცა, არც ასობით ქართველის გამტაცებელს, არც ოთხოზორიას და არც ტატუნაშვილის მკვლელებს. სამაგიეროდ, მძიმე წარმოსადგენია, რა ინფორმაცია და ვის სასარგებლოდ ჩაუვარდა ხელთ ურთიერთობების დასათბობად თავგადადებული ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელსაც ამერიკაშიც და ევროპაშიც უკვე ოფიციალურად პრორუსულს უწოდებენ.
ავტორები: თენგო გოგოტიშვილი, ნიკა ვაწაძე, ავთანდილ მესხი, ვახო გახოკიძე.