"მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და ოპერატორზე ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტზე დაკავებულებს ქუთაისის სასამართლომ გირაო შეუფარდა.
"კონსერვატიული მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელსა და მის თანამზრახველს 5 -5 ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.
პროკურატურა მათთვის წინასწარ პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, ორივე ბრალდებული სასამართლო განჩინების საფუძველზე ზუგდიდში დააკავეს. ცნობისთვის, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს "ალტ-ინფოს" ოფისთან, ზუგდიდში, 18 მარტს, გვიან ღამით დაესხნენ.