სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და ოპერატორზე ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტზე 2 პირი - "კონსერვატიული მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და მისი თანამზრახველი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 17 მარტს, ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს ჟურნალისტი ემა გოგოხია და ამავე არხის ოპერატორი ზვიად აბლოთია ინტერვიუს ჩასაწერად ზუგდიდში, პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან იმყოფებოდნენ. ამ დროს, ადგილზე სწრაფი სვლით მივიდა ავტომანქანა, საიდანაც ბრალდებულები გადმოვიდნენ. ისინი შეურაცხმყოფელი შეძახილებით და გინებით, ჟურნალისტს და მის ოპერატორს ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტას და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ. განხორციელებული დევნის დროს, ბრალდებულებმა ჟურნალისტს და მის ოპერატორს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს", - წერია უწყების განცხადებაში.
ორივე ბრალდებული სასამართლო განჩინების საფუძველზე ზუგდიდში დააკავეს.
ცნობისთვის, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს "ალტ-ინფოს" ოფისთან, ზუგდიდში, გვიან ღამით დაესხნენ.