როსკომნადზორი "ნეტგაზეთს" აფრთხილებს, წაშალოს მასალა რუს გენერალზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო როსკომნადზორი გამოცემა "ნეტგაზეთს" აფრთხილებს, წაშალოს თავის რუსულ ვერსიაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი მასალა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ეხება. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, საუბარია "ნეტგაზეთის" ჟურნალისტის, ზურაბ მენაღარიშვილის მიერ 16 მარტს მომზადებულ მასალაზე, რომელიც თავდაპირველად ქართულენოვანი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სათაურით - "უკრაინის განცხადებით, ბრძოლაში მოკლეს მე-4 რუსი გენერალი".

იმავე დღეს მასალა რუსულადაც ითარგმნა და "ნეტგაზეთის" რუსულენოვანი გამოცემის ვებსაიტზე განთავსდა. სიახლის სათაურია "Война в Украине: Киев сообщил о гибели четвертого российского генерала" (“ომი უკრაინაში: კიევი მეოთხე რუსი გენერლის გარდაცვალების შესახებ იუწყება”).

გამოცემა წერს, რომ მასალის გამოქვეყნებიდან 3 კვირის შემდეგ, 9 აპრილს,  "ნეტგაზეთმა" მიიღო მეილი, რომლითაც “როსკომნადზორმა” ხსენებულ მასალაზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. უწყების მტკიცებით, ის "კანონის დარღვევით" არის გავრცელებული.

როსკომნადზორის მიერ გამოგზავნილ მეილში ნათქვამია, რომ, ru.netgazeti.ge-მ 24 საათში უნდა წაშალოს მასალა.

როგორც "ნეტგაზეთი" წერს, ის არ აპირებს აღნიშნული მასალის წაშლას.

ფოტო: "ნეტგაზეთი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი