უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები ძირითადი სამიზნე მარიუპოლია. მისი თქმით, მტერი ცდილობს სრულად აიღოს ქალაქი იზიუმი და ამ მიზნით რამდენიმე იერიშიც განახორციელეს, თუმცა უკრაინელებმა თავდასხმები მოიგერიეს.
ამასთან, არესტოვიჩი უკრაინელი მესაზღვრის გმირობის ისტორიას ყვება. ის ამბობს, რომ ჯარისკაცმა, რომელიც მტერმა ალყაში მოაქცია, თავი გაწირა და მტერს ინფორმაციის ხელში ჩაგდების შესაძლებლობა არ მისცა.
"რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებს ორი მიმართულება აქვს აღებული: მარიუპოლი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებების ზონა. ამასთან, ცდილობენ ბოლომდე აიღონ სამხრეთ ნაწილში მდებარე იზიუმი. გუშინ სცადეს იერიშის დაწყება თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს. აქტიურად მიმდინარეობს დაპირისპირება და შეტაკებები მარიუპოლის ქუჩებში. ხარკოვის ოლქის მიმართულებით მტერი წინსვლას ცდილობს, თუმცა ვერ ახერხებს. დღეს მარიუპოლში ერთ-ერთი ჩვენი მესაზღვრე ოფიცერი, რომელიც მტერმა ალყაში მოაქცია და დაჭრა, თავი აიფეთქა და რადიო სადგურიც გაანადგურა, რათა მტერს ინფორმაცია ხელში არ ჩაეგდო. მისი ბოლო სიტყვები იყო: დიდება უკრაინას. დიდება მას, ქედს ვიხრი მის წინაშე", - თქვა არესტოვიჩმა.