პარლამენტში სამუშაო დღე უჩვეულოდ ადრე დაიწყო. სხვა დღეებისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” წევრები მათ სამუშაო ოთახებში უთენია გამოცხადნენ, რათა მოქალაქეების მიერ მოწყობილი სირცხვილის კორიდორებისთვის თავი აერიდებინათ.
დილიდანვე ჩაინიშნა უმრავლესობის სხდომაც, თუმცა ამის შესახებ მედიისთვის არავის უცნობებია. მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ სხვა დროსაც ასე ადრე დადიან სამსახურში და რომ ამაში უჩვეულო არაფერია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპონენტების პასუხად, რომლებიც სამუშაო დღის უჩვეულოდ ადრე დაწყებას აკრიტიკებდნენ, ცინიკური განცხადებაც გააკეთა.
„ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ 10 საათზე დავნიშნე უმრავლესობის სხდომა, უბრალოდ არ ვიცდი თუ უგულავა გაიღვიძებდა გვიან, თორემ დავნიშნავდი სხდომას“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიცია კი ივანიშვილის გუნდს კურდღლებს ადარებს. მათივე შეფასებით, მმართველ პარტიას ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.
„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი, ეკა ბესელია ამბობს, რომ მმართველ გუნდს მოსახლეობისთვის მიცემული პირობის შესრულება მაინც მოუწევს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
„სამწუხარო სურათს ვუყურებთ ჩვენ, როგორ ითვლის მმართველი პარტია ადამიანებს, რამდენი ადამიანი გროვდება საპროტესტოდ, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, იმიტომ, რომ ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საპროტესტო და კრიტიკული განწყობა ქვეყანაში არის გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ეს წარმოიდგინო იმ სირცხვილის დერეფნებით, რომელიც სიმბოლური აქციაა, სესიის პარალელურ რეჟიმში. ყველაფრის ეშინიათ და ყველაზე მეტად ამ ძალაუფლების და კომფორტის დაკარგვის, რომელმაც დააკარგვინა „ქართულ ოცნებას“ რეალობის შეგრძნება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ოპოზიციამ საპროტესტო აქცია და სირცხვილის კორიდორი 11:00 საათზე დააანონსა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა კი დილის 10 საათზე დაიწყო.