რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლას გეგმავს, მტერი ცდილობს შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი და ხერსონში გაიმყაროს პოზიციები- აცხადებს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, დონბასზე რუსეთის შეტევა შესაძლოა მალე დაიწყოს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა უკრაინის მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის ფედერაციამ თითქმის დაასრულა მზადება შეტევითი ოპერაციისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში:
"ჩვენი ინფორმაციით, მტერი გადავიდა ქვედანაყოფების აღდგენის დასრულებისა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში გადაყვანის ფაზაზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებები უახლოეს მომავალში დაიწყება. უკრაინის არმია ამისთვის მზადაა. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როდის მოხდება ეს რეალურად. არსებობს ცნობები დასავლური წყაროებიდან. ამავდროულად, მტერმა თითქმის დაასრულა მზადება შეტევითი ოპერაციისთვის“, - განაცხადა მოტუზიანიკმა.
მისივე თქმით, ომის აქტიური ფაზის დაწყებიდან, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში, მტრის თავდასხმები ფაქტობრივად არ შეწყვეტილა.
„ბოლო დროს, სადემარკაციო ხაზის გასწვრივ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსული ჯარისკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - განაცხადა მან.