არასამთავრობოები საქართველოსთვის გადაცემული EU-ში გაწევრიანების კითხვარისა და ხელისუფლების პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის და პრემიერ ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავენ.  მესამე სექტორის წარმომადგენლები ითხოვენ, საქართველოსთვის გადაცემული კითხვარი და ხელისუფლების მიერ წარდგენილი პასუხები გასაჯაროვდეს.

„2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. 10 მარტს ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას სთხოვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესწავლა. უახლოეს პერიოდში ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას გადასცემს კითხვარს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ქვეყნის შეფასება.

ჩვენ, ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური. მნიშვნელოვანია მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ხაზს ვუსვამთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია ღირებული გამოცდილება, რაც ჩვენს მიერ იდენტური კითხვარის გამოყენებით საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების სფეროში (ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 23-ე თავი) არსებული მდგომარეობის შეფასებას უკავშირდება (იხ. შეფასების დოკუმენტი https://bit.ly/3LUEYyh).

აღნიშნულის გათვალისწინებით მოგმართავთ თხოვნით, რომ მოხდეს საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და ხელისუფლების მიერ წარდგენილი პასუხების გასაჯაროება, რაც პროცესს გახდის გამჭვირვალეს, ინკლუზიურს და უზრუნველყოფს დაინტერესებული აქტორების ჩართულობას“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ხელმომწერები

  • „ღია საზოგადოების ფონდი“, 
  • „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“,
  •  „დემოკრატიის ინდექსი საქართველო“,
  •  „სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი“, 
  • „საქართველოს ჟურნალისტთა ქარტია“, 
  • „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“,
  •  „უფლებები საქართველო“, 
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“,
  •  „ღია სივრცე კავკასია“, 
  • „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი“, 
  • „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, 
  • კავშირი „საფარი“
  • „ციხის საერთაშორისო რეფორმა“,
  •  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, 
  • „პრევენცია პროგრესისთვის“,
  •  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“.
     
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი