ბოლო 24 საათში რუსებმა ხარკოვზე 53-მდე იერიში მიიტანეს - დაიღუპა 7 ადამიანი, დაშავდა 22

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონში 53-მდე საარტილერიო და სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, 22 კი დაშავდა. საავადმყოფოში გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ დაშავებული 2 წლის ბავშვი.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში, რეგიონში დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. დაიღუპა 7 ადამიანი. 2 წლის ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბომბვის შედეგად დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა", - თქვა სინეგუბოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იკავებენ პოზიციებს და ხარკოვის რეგიონში დაცვას აძლიერებენ.

"წარმატებები გვაქვს როგანისა და დერგაჩის რაიონებში. იზიუმის მიმართულებით ჩვენი შეიარაღებული ძალები მუდმივად იბრძვიან იმისათვის, რომ მტერი დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში ვერ გადავიდეს", - ამბობს ოლეგ სინეგუბოვი.

ამასთან, სინეგუბოვმა ხარკოვის მცხოვრებლებს მიმართა და თქვა, რომ ევაკუაციის საფუძველი არ არსებობს: "ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ანადგურებენ უამრავ რუსულ ტექნიკას და ცოცხალ ძალას. ენდეთ ჩვენს დამცველებს და შეინარჩუნეთ სიმშვიდე".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი