რუსული მედია ხერსონში ფერმერებისგან მოპარულ დრონებს ქიმიურ იარაღად ასაღებს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა.
"ბოლო საათებში რუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქში აღმოაჩინეს უკრაინული არმიის დრონები, რომლებიც სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის შესაფრქვევად გამოიყენება. მინდა ყველას ვუთხრა, ყველამ გაიგოს: რუსებმა ეს დრონები ერთ-ერთი მსხვილი სასოფლო-სამეურნეო საწარმოდან წაიღეს. ეს დრონები არის სოფლის მეურნეობის მაღალტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაცვის საშუალებების შესასხურებლად", - თქვა დენისენკომ.
უკრაინული მედიის ცნობით, მანამდე რუსულმა მედიამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ პენტაგონის საიდუმლო ლაბორატორიები უკრაინაში წლების განმავლობაში ამუშავებდნენ ბიოლოგიურ იარაღს.