„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას აანონსებს. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
დღეს მმართველი გუნდი პირველად ალაპარაკდა მისთვის საკმაოდ უხერხულ თემაზე, საზოგადოების მხარდაჭერაზე და პარტიულ რეიტინგზე.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში "ოცნება" 60%-ს აიღებს.
„ნოემბერს დაითვლიან წიწილებს... ჩვენ განცხადებებს ხომ ვაკეთებდით 2016 წელს, ხომ ვამბობდით, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი ჩვენ მოგვცემდა ხმას, ხომ დავითვალეთ მერე წიწილები, ასეც აღმოჩნდა, იგივე იქნება ახლაც... თუ გააგრძელებს 60 ნაცი სტვენას, 60 პროცენტი კი არა, შეიძლება ცოტა მეტიც ავიღოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის ხმაურიანი განცხადება მალევე აიტაცეს სხვა პარტიულმა ლიდერებმა. თუმცა ეს ყველაფერი ოპოზიციისთვის, ჯერჯერობით, მხოლოდ პოლიტიკური ბაქიბუქია, რომელიც არანაირ სოციოლოგიურ კვლევას არ ეყრდნობა.
„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი გუნდის წევრები არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში ამომრჩეველთა 60 პროცენტის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
„ეს მესიჯი რეალისტური არანაირად არ არის. ყოველი მეორე მოსული ამომრჩევლის ხმა, დაახლოებით, ეს შედეგი იყო 2016 წლის არჩევნებზე, როდესაც 49 პროცენტი აიღო „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა, მით უმეტეს მეორე ვადის დასასრულს მესამე ვადაზე წასვლა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, მმართველი პარტიისთვის ძალიან რთული არის“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ რომ შეიძლება დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეუსაბამო ქმედებებით ჩაატაროს არჩევნები, ამაზე პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია საუბრობს. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ბოლო პერიოდში არაერთი საზიანო გადაწყვეტილება მიიღო.
პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, ლევან კობერიძე კი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე მოსახლეობას ტროლავს.
„პრემიერი ხომ საუბრობს იმ ენით, რომ დაასპოილეროს უნდა მოსახლეობა, კობახიძე ალბათ, ტროლავს, რა 60%-ზე საუბრობს“ - ამბობს ლევან კობერიძე.
მმართველი გუნდის წევრების განცხადებები კი კომუნისტების დროს ახსენებს "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს, დავით ჭიჭინაძეს.
„ნამდვილი ჩამოყალიბებული კომკავშირელები იქნებოდნენ კომუნისტების დროს და იმათ უნდოდათ მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.