უკრაინაში რუსი ოკუპანტების სარაკეტო დარტყმის სამიზნე ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების მშვიდობიანი მოსახლეობაა.
ხარკოვში რაკეტა იმ ადგილზე ჩამოვარდა, სადაც სახლები იყო და ეზოში ბავშვები თამაშობდნენ. თავდასხმის შედეგად ბავშვები დაიღუპნენ. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალიც, რომელსაც 2 შვილი დარჩა.
აგრესორების თავდასხმა ადგილობრივებმა გაიხსენეს:
"როცა მოვირბინე აქ იწვა. მეზობლის ბავშვები ჩემს შვილიშვილებთან ერთად თამაშობდნენ. მოწყენილები იყვნენ. სკოლა არ იყო, არაფერი და გართობა ხო უნდოდათ. მათი დედა და ბებიაც აქ იყვნენ, თამაშობდნენ და უცბად ის [რაკეტა] ჩამოფრინდა. არ მესმის რისთვის. ვნახე, ბავშვი როგორ კვდებოდა. პატარა ზემოთ აიყვანეს, მეორე სახლში შეიყვანეს, ამასობაში ხანძარი დაიწყო. მინდა, იმ ადამიანის შვილები, რომელმაც ამის ბრძანება გასცა, მთელი ცხოვრება იტანჯებოდნენ. გულწრფელად ვუსურვებ ამას".
"მაღაზიიდან რომ დავბრუნდი სახლში შევედი, ქალი ტელეფონზე ლაპარაკობდა და შემოსვლა ვერ მოასწრო. ერთი წუთით ადრე რომ შემოსულიყო, მოასწრებდა. ორი ბავშვი დედის გარეშე დარჩა, ყველაფერი დაინგრა, დაიმსხვრა. საშინელება იყო".
ხარკოვში ასევე დაიბომბა ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა "გორკის პარკი". მოჰყვა თუ არა მსხვერპლი ამ შეტევას, ჯერჯერობით უცნობია.