პაპუაშვილმა პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა, დღის ბოლომდე წარადგინონ უკრაინაში წამსვლელთა ზუსტი სია

გამოქვეყნდა:

როდის წავა უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის მეთაურობით და ვინ გაყვება მას ოპოზიციიდან. რამდენიმე ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიამ, მათ შორის "ლელომ", დაადასტურა , რომ უკრაინაში  უმრავლესობასთან ერთად ვიზიტს განახორციელებენ.
ჯერჯერობით უცნობია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, უკვე მოუწოდა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ დღის ბოლომდე წარადგინონ უკრაინაში წამსვლელთა ზუსტი სია.

„ამ დღეების განმავლობაში, მქონდა კომუნიკაცია უკრაინის რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან. მეგობრული და თბილი საუბარი გვქონდა, ბევრ საკითხში გავერკვიეთ. მან დაადასტურა საკუთარი მიწვევა, რომ ვეწვიო უკრაინას და იქ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს ვიზიტი, ალბათ, უახლოეს დღეებში შედგება. ახლა ვარკვევთ ორგანიზაციულ საკითხებს. ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული - გვქონდა საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეთავაზება გვქონდა, თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა, არ იყო თანხმობა და შემდეგ, კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი. მართალია, ამ შემთხვევაში, უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ თავის მხრივ, არ გაიზარდოს წარმომადგენლობა, თანაბრობის პრინციპი ამ შემთხვევაში დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება, თუმცა, გამომდინარე ამ ვითარებიდან, ეს შეთავაზება, ვფიქრობ, სწორი იყო და აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ დელეგაციისთვის. მექნება კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ვინაიდან ორგანიზაციულად გვესმის ყველას, რომ არ არის ადვილი ამ ვიზიტის ორგანიზება, არის საკმაოდ საჩქარო საკითხი. იმედი მაქვს, რომ დღის პირველ ნახევარში ჩვენ ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ და ველი ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იმ შემთხვევაში თუ ენმ უმრავლესობის დელეგაციასთან ერთად წასვლაზე უარს იტყვის, მათ კვოტას "გირჩები" შეავსებენ და უკრაინაში იაგო ხვიჩია წავა.

საპარლამენტო დელეგაცია საქართველოდან უკრაინაში პარასკევს, ან შაბათს, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი