საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ყოფილი ჯარისკაცის პროცესი გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა ისე გადადეს, რომ ქართულ მხარეს საოკუპაციო რეჟიმისგან კონკრეტული პასუხი არ მიუღია.
მამუკა ჩხიკვაძე ნიქოზის მიმდებარედ 2021 წლის 10 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
მისი ახლობლები და უფლებადამცველი არ გამორიცხავენ, რომ ყოფილი სამხედრო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.
"ვერაფერს გამოვრიცხავთ, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ცოცხალია თუ არა, პრობლემაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თუ სხვა... პროცესების გადადება, გაჭიანურება ხდება. გადადების რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მათ შორის ერთ-ერთი შეიძლება იყოს ის, რომ მისი ჯანმრთელობა არის ცუდ მდგომარეობაში", - ამბობს ადვოკატი ნიკოლოზ ლეგაშვილი.
შეგახსენებთ, უცნობია ოკუპანტების მიერ გატაცებული კიდევ ერთი ჯარისკაცის, ლევან მაჩაბლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მაჩაბელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მახლობლად დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთასა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობას ედავებიან.