ლობისტების ძალისხმევა ბიძინა ივანიშვილს ვეღარ უშველის - შეფასებები "ოცნების" ლობისტების წერილზე

გამოქვეყნდა:

ოცნების ლობისტებმა ოფიციალურ ვაშინგტონს მორიგი წერილი მიწერეს, სადაც “ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ 13 კონგრესმენის მიერ მიღებული სტრატეგიული დოკუმენტის ჩანაწერი უსაფუძვლოა.

ამ წერილს, რომელიც "ჰოგან ლოველსის", ქართული ოცნების ლობისტის დაწერილია, შეფასებები უკვე მოჰყვა. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ უსაფუძვლოა, რაც ამერიკის სტრატეგიის ახალ დოკუმენტშია ჩაწერილი. მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირის შესახებ ჩანაწერი დოკუმენტში "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების დახმარებით მოხვდა. 

ერთ-ერთმა კონგრესმენმა უკვე აღნიშნა, რომ ეს იყო ტექნიკური ჯგუფის მომზადებული დოკუმენტი და 170 გვერდიან დოკუმენტს პარლამენტარები ზედმიწევნით არ ეცნობიან. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მივიღოთ პასუხი, რა გზით გაიპარა ეს ხარვეზი ამ დოკუმენტში, იყო ეს ძალისხმევა თუ რაიმე სხვა, - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე. 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ღრმად არის დარწმუნებული, რომ ხელმომწერი კონგრესმენებიდან ერთმა თუ არ იცოდა, რა წერია დოკუმენტის იმ ნაწილში, სხვა კონგრესმენებთანაც იგივე მდგომარეობაა. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის საერთაშორისო იმიჯი უკვე ძალიან დაბალია და ის ყოველი მსგავსი ლობისტური წერილის შემდეგ კიდევ უფრო დაბლა ეცემა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" მსგავსი ქმედებები ქვეყნის იმიჯსაც აზარალებს. 

ლობისტების საქმიანობა რომ უკავშირდებოდეს სახელმწიფოს ინტერესებს, ჯერ კიდევ ამ ანგარიშის შემუშავების პირობებში უნდა ემუშავათ. მაგრამ მას მერე, რაც ანგარიშში ჩაიწერა ისეთი რამ, რაც ივანიშვილს არ მოეწონა, მთელი რესურსები მიმართულ იქნა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილზე ჩანაწერის გადახედვისკენ, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი. 

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ღრმა კრიზისის პირობებში ლობისტებში დახარჯული თანხები ფუჭი ფლანგვაა. 

საერთაშორისო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი ჩანაწერები მსგავსი მაღალი დონის დოკუმენტებში ტყუილად არ ხვდება და ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობაში დადანაშაულება უკვე საქართველოს მთავრობის განაჩენია. 

ივანიშვილის და ხელისუფლების რეპუტაცია იმდენად არის შელახული დასავლეთში, რომ ამის გამოსწორებას ძვირფასი პიარი ვერ უშველის, თან როცა ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში წერილებზე და დოკუმენტებზე, სადაც ივანიშვილი ნახსენებია საგნობრივად, სადაც საუბარია, რომ ის ირანის და რუსეთის ინტერესებს იცავს ამერიკის ბიზნეს პარტნიორების საზიანოდ, ამ ჩანაწერების მოხვედრის მიზეზები არსებობს და ეს მიზეზები არსად გამქრალა, - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე.    

შეგახენებთ, რომ ამერიკის ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა და ის რუსეთს სასარგებლოდ დესტაბილიზაციაშია ჩართული.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი