ეპიდემიის დროს დაგროვილი ცოდნა ინსტიტუტების გაძლიერების საშუალებას მოგვცემს - გახარია

გამოქვეყნდა:

მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის, რომ, როგორც ყოველთვის, ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ნიშანი იქნება საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს მორიგ სხდომაზე ისაუბრა.

ამ საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, რომელიც საარჩევნო სისტემასთან არის დაკავშირებული, ფაქტობრივად, უკვე იწყება საარჩევნო, პოლიტიკური პროცესი. აქ მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის უზარმაზარი იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ყოველთვის ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები,  ისეთი არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ხარისხის ნიშანი იქნება საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით, - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არჩევნები პანდემიის პირობებში არის გლობალური გამოწვევა, რომელიც ქვეყანას მისცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას. პრემიერმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს მიმართა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყოველდღიურად, ჯანმრთელობასთან და ეკონომიკასთან ერთად აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც გასათვალისწინებელია. 

ბატონო ამირან, ჩათვალეთ, რომ ყოველდღიურად ჩვენ ჯანმრთელობასთან, ეკონომიკასთან ერთად გვემატება ჩვენი აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც და ესეც გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, - მიმართა მან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს. 

პრემიერის თქმით, არჩევნები და პანდემია ქვეყანას წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას მისცემს და ეს დაგროვილი ცოდნა, შემდგომი სისტემატიზაციის გზით, ქვეყანაში ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი