
ზაპოროჟიეს ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ივან არეფიევი ავრცელებს.
მისი თქმით, აგრესორებმა შეტევა ქალაქ ვასილივკაზე განახორციელეს.
"ქალაქ ვასილივკას საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი ქალაქის ცენტრში და კერძო სექტორში (ე.წ. კოლმეურნეობა), განადგურდა სასურსათო მაღაზია და საცავი ტავრისკის რკინიგზის სადგურზე. შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, 5 კი დაშავდა", - თქვა არეფიევმა.
მანვე აღნიშნა, რომ ოკუპანტები აპირებენ თავიანთი მედიის წარმომადგენლების გაგზავნას ვასილივკაში, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით პროპაგანდისტული მასალები გადაიღონ.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ზაპოროჟიეს რეგიონში მძიმე ვითარებაა. რუსები რეგულარულად ბომბავენ ქალაქებს, ოკუპირებულ ქალაქებში კი ქმნიან კომენდანტის ოფისებს და პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებენ.