
რუსეთის ტყვეობაში 700 უკრაინელი ჯარისკაცი და 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.
ვერეშჩუკის განმარტებით, ტყვეობაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს შორის დაახლოებით 500 ქალია.
"ისევ და ისევ ვიტყვი, იქნებ რუსეთმა მომისმინოს, სამხედროებს არ გავცვლით სამოქალაქო პირებზე. ეს აკრძალულია ჟენევის კონვენციებით. ვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას და უკრაინული მხარისთვის გადაცემას", - თქვა მან.
ვერეშჩუკმა ტყვეების ახლობლებს მოთმინებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მტერი ათავისუფლებს იმათ, ვისაც საჭიროდ თვლის, მიუხედავად უკრაინული მხარის მოთხოვნისა.
"ეს არის მუდმივი ბრძოლა ხალხისთვის, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, თქვენ იცით, როგორ მტერთან გვაქვს საქმე", - ამბობს ის.